გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული ყველა ჟურნალისტი და აქტივისტი – კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, „გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკურ ნიადაგზე უსამართლოდ დაკავებული ადამიანი“.
ის გამოყოფს გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას და აცხადებს:
„ამჟამად დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შემთხვევა კიდევ ერთი ასეთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჟურნალისტებს და ყველას, ვინც თავისუფლად საუბრობს. მზია, რომელიც შიმშილობს, ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, – აცხადებს კაია კალასი.
მისი განცხადებით, „ნდობისა და დიალოგის აღდგენის არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს“.
„ეუთო/ODIHR-ის ანგარიშის რეკომენდაციები ბოლო ს შესახებ სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ“, – აცხადებს იგი.
უმაღლესი წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება „კიდევ უფრო შორდება დემოკრატიულ სტანდარტებს“ და „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო ცვლილებებს ეხმაურება:
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ნაჩქარევი მიღება ქართულ საზოგადოებაზე მნიშვნელოვან, ხანგრძლივ გავლენას მოახდენს. ეს მნიშვნელოვნად შელახავს გამოხატვის თავისუფლების უფლებას, შეკრების თავისუფლებასა და მედიის თავისუფლებას“.
„ეს მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სერიოზულ მარცხს წარმოადგენს და არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ნებისმიერ მოლოდინს“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც 7 თებერვალს გამოქვეყნდა.
ინფორმაცია განახლდება
ფორუმი