წინასწარი შედეგების მიხედვით, კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებში ბუქარესტმა ლიბერალი მერი აირჩია. ეს გააძლიერებს პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჯანის პოზიციას მყიფე პროევროპულ მმართველ კოალიციაში მაშინ, როცა მერის არჩევნებში ულტრამემარჯვენე კონკურენტს უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას.
დედაქალაქის მერის გავლენიანი თანამდებობა მაისიდან არის ვაკანტური, როდესაც ცენტრისტმა დამოუკიდებელმა ნიკუშორ დანმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო და დატოვა ბუქარესტის მერის თანამდებობა. გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ბუქარესტი ევროკავშირში პირველი დედაქალაქი შეიძლებოდა გამხდარიყო, რომელსაც ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი უხელმძღვანელებდა.
მერის თანამდებობაზე დანს ჩაანაცვლებს ლიბერალი პრემიერ-მინისტრის, ბოლოჯანის, ახლო მოკავშირე ჩიპრიან ჩუკუ, რომელმაც ბიულეტენების 90%-ის წინასწარი ოფიციალური დათვლის მიხედვით ხმების 35,4% მოიპოვა.
ანკა ალექსანდრესკუ, რომელსაც ოპოზიციური ულტრამემარჯვენე „რუმინელთა გაერთიანების ალიანსი“ (AUR) უჭერს მხარს, 22,35%-ით მეორე ადგილზეა.
AUR, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში პირველ ადგილზეა, ეწინააღმდეგება მეზობელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას აღმოჩენას, კრიტიკულად უყურებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას და მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას, მათ შორის ენერგეტიკისა და იმიგრაციის საკითხებში.
რუმინეთის შემდეგი საყოველთაო არჩევნები 2028 წლისთვის არის დაგეგმილი.
კვირას გამართული კენჭისყრა პირველი იყო მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ გაუქმდა საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც გაჩნდა ეჭვები, რომ არჩევნებში რუსეთი ერეოდა რადიკალი მემარჯვენე კანდიდატის სასარგებლოდ. არჩევნების გაუქმების შედეგად რუმინეთი უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა.
ფორუმი




