შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.
ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, ისინი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის ბრალი 2020 წელს წარუდგინეს. პროკურატურა მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. იგივე ბრალი ჰქონდა წარდგენილი ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილსაც. ლაშა ჩხიკვაძემ ის გაამართლა.
ოქრუაშვილის განაჩენს გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი. ის ითხოვს საქმის ფიგურანტი სხვა პირების, მათ შორის ზურაბ ადეიშვილის დასჯას.
“იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს”, – წერს მეტრეველი.
ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმის გამოძიება განახლდა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ბრალდებით გამოძიება შსს-ს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაიწყო. მათ შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფრო, ზურაბ მიქაძე, რომლებმაც საპატიმრო 2020 წელს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვეს.
ირაკლი ოქრუაშვილი ამჟამადაც დაკავებულია. ის 14 მაისს დააკავეს “ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილი, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი წევრების საქმიანობის შემსწავლელ დროებით კომისიაზე არმისვლის გამო. 4 ივლისს მას 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
ამავე თემაზე:
· ბუტა რობაქიძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ბრალი წარუდგინეს




