გმირულად დაიწყო ესპანეთის ჩემპიონატი დებიუტანტმა “ლეიმა კორუნიამ”, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს. საქართველოს ნაკრების წევრი წინა სეზონში დიდად დაეხმარა ლაკორუნიელებს უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაში, რითაც ახალი კონტრაქტი დაიმსახურა და პირველსავე ტურში გუნდმა ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.
ვის-ვის და, “ლეიმა კორუნიამ” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და “სამეფო გუნდი” 1 ქულით – 86:85 დაამარცხა. “სამეფო გუნდი” ესპანეთის მოქმედი ჩემპიონია და ცხადია, ფავორიტადაც ითვლებოდა. მადრიდელები ლიდერობდნენ კიდეც, მაგრამ ლაკორუნიელები მუდამ კვალში ედგნენ და როცა გადამწყვეტი ჯერი დადგა, იყოჩაღეს და მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.
ბურჯანაძე სათადარიგო იყო,
თუმცა მოედანზე 26:26 წუთი გაატარა, რაც თავის გუნდში მეორე შედეგი გახლდათ. მასზე მეტი – 27:30 წუთი, მხოლოდ ბარუეტამ ითამაშა, რომელმაც 13 ქულა ჩააგდო; ბომბარდირი კი 20 ქულით ბრენდონ ტეილორი გახდა, რომელმაც თამაშის დასრულებამდე 1,3 წამით ადრე სამქულიანით ანგარიში ისე გაათანაბრა, რომ მასზე მადრიდელები დაჯარიმდნენ. ტეილორმა საჯარიმოც ჩააგდო და “ლეიმა კორუნიამ” 86:85 იმარჯვა.
ბურჯანაძემ 2-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო და ორიანებიც ამ შედეგიანობით ესროლა. მან ასევე 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და თავი მთლიანობაში 9 ქულას მოუყარა. ქულებთან ერთად 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მომდევნო, მე-2 ტურის მატჩს, “ლეიმა კორუნია” ბურჯანაძის ყოფილ გუნდთან, “გრან კანარიასთან”, 6 ოტომბერს, სტუმრად ჩაატარებს.
GBF.GE