„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ორი ახალი, სრულად აღჭურვილი საპიკნიკე და მოსასვენებელი ზონა მოეწყო. სივრცე ბუნებასთან სიახლოვესა და თანამედროვე კომფორტს აერთიანებს, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად დატკბნენ გარემოს სილამაზით და გათავისუფლდნენ ყოველდღიური სტრესისგან. საპიკნიკე სივრცე გადახურულია და საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი.
გია კირკაძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ რეინჯერების ხელმძღვანელი: „საირმე გამორჩეულად პოპულარული მიმართულებაა როგორც ოჯახებისთვის, ისე მეგობრებისთვის. მას ხშირად სტუმრობენ სუფთა ჰაერისა და გრილი კლიმატის გამო, თუმცა წლების განმავლობაში სტუმრებს დასასვენებელი ადგილების მოწყობა თავად უწევდათ, რაც ხშირად უხერხულობას ქმნიდა და ზოგჯერ ბუნებასაც ზიანს აყენებდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ისეთი საპიკნიკე სივრცე და ინფრასტრუქტურა მოგვეწყო, რომელიც ბუნებას ჰარმონიულად ერწყმის, სტუმრებს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს და ამავდროულად გარემოს დაზიანებისგან იცავს.
გვინდა, საირმე დარჩეს ადგილად, სადაც ბუნებასთან სიახლოვე და თანამედროვე კომფორტი ერთი მთლიანობაა“.
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ახალი საპიკნიკე ზონები ქმნის სრულფასოვან ეკოტურისტულ გამოცდილებას და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საოჯახო ტურიზმის გაძლიერებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მეტ ვიზიტორს იზიდავს, მომსახურების ხარისხს აუმჯობესებს და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. შედეგად რეგიონი თანდათან უფრო კონკურენტუნარიანი ხდება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.
საირმეში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის ფარგლებში, 13 000 ჰექტარ ტერიტორიაზე „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მოეწყობა. პირველად ისტორიაში ტერიტორიაზე წითელ ნუსხაში შეყვანილი ცხოველები, კავკასიური კეთილშობილი ირემი და არჩვი გამრავლდება. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის მოშენებაზეც იზრუნებს.
პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.
