მას შემდეგ, რაც გერმანიის საპარლამენტო ორგანო ბუნდესტაგში “ქართულ ოცნებაზე” რეზოლუციის კრიტიკული პროექტი დარეგისტრირდა, განცხადება გაავრცელა ოპოზიციურმა პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AFD).
პარტიამ საკუთარი პროექტიც დააინიციირა გერმანიის პარლამენტში და აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება “რეჟიმის ცვლილების პოლიტიკას” საქართველოში, არასამთავრობოების დახმარებას და შიდა საქმეებში ჩარევას”. AFD-ის პროექტის შინაარსი შიდა საქმეებში ჩარევასა თუ არასამთავრობოების დახმარებაზე თანხვედრაშია “ქართული ოცნების” ნარატივებთან. ამ პარტიის წევრები “ოცნების” დახმარებას ევროპარლამენტშიც ცდილობდნენ.
ულტრამემარჯვენე, პრორუსული პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში მთავარ და რეგიონულ ძალებს შორის გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამწვავება არ არის გერმანიის ინტერესში.
“არც აზერბაიჯანის ძალადობრივი ნაბიჯებია სომხეთის მიმართ [გერმანიის ინტერესში] და არც საქართველოს – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმების მიმართ”, – აცხადებენ AFD-ს წევრები.
მათი განცხადებით, გერმანიამ უნდა გაუწიოს ადვოკატირება იმას, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები დარჩნენ უბლოკო სახელმწიფოებად, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ნატოში არ უნდა მიიღონ”.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) არის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია, რომელიც 2013 წელს დაარსდა და მზარდი პოპულარობით სარგებლობს გერმანიაში. AfD გამოირჩევა ევროსკეპტიკური, ნაციონალისტური, ისლამოფობიური და პრორუსული პოზიციებით. ნიშანდობლივია, რომ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD)“ წევრი შტეფან კეუტერი 2019 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნებზე დამკვირვებლად“ იმყოფებოდა. ის ამავდროულად „ყირიმის მეგობართა ლიგის“ წევრია.
ახლა სწორედ შტეფან კეუტერი აწერს ხელს ბუნდესტაგში დაინიციირებულ შესწორებებსაც.
მიუხედავად იმისა, რომ AfD ოფიციალურად ემიჯნება ნაციზმს, პარტიას ხშირად ადანაშაულებენ ნაცისტურ სენტიმენტებში. AfD-ის ერთ-ერთ ლიდერ ბიორნ ჰოკეს მოუწია სასამართლოს წინაშე წარდგომა აკრძალული ნაცისტური სლოგანების გამოყენებისთვის და 13 000 ევროთი დაჯარიმდა.
ბუნდესტაგში დღეს, გერმანიის დროით 17:55 საათზე, გაიმართება მსჯელობა საქართველოს საკითხზე და იგეგმება “ქართულ ოცნებაზე” კრიტიკული რეზოლუციის მიღებაც.
გერმანიის ბუნდესტაგში მმართველ კოალიციაში შემავალმა ფრაქციებმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტი გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ავტორიტარული და ანტიევროპული კურსით ქვეყნის ევროპულ მომავალს შეგნებულად აყენებს საფრთხის ქვეშ და მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ მიდის.„საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ – ასე ჰქვია რეზოლუციის პროექტს, რომლის მიღებაც ბუნდესტაგში ხვალ, 10 ოქტომბერს, საქართველოზე დებატების შემდეგ, იგეგმება.
დოკუმენტის დასაწყისშივე ხაზგასმულია, რომ „უპირველეს ყოვლისა, „საქართველოს გაბედული სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიისა, კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი დიდი ხნის ერთგულების წყალობით, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო უფრო პროგრესულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა რეგიონში და დაუახლოვდა ევროკავშირს“.
ამავდროულად, რეზოლუციის პროექტში ვკითხულობთ, რომ წლების განმავლობაში იზრდება პოლარიზაცია მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შორის. დოკუმენტის თანახმად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მზარდი ავტორიტარული ქმედებებით საზოგადოების პატრიოტებად და მოღალატეებად დაყოფას ცდილობს.
გერმანიის სამთავრობო ფრაქციების რეზოლუციის პროექტში ოლიგარქადაა მოხსენებული „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, რომლისთვისაც „ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლა დგას“.
გერმანიის ბუნდესტაგში სერიოზულ შეცდომად მიაჩნიათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის მიღება და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ კანონით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ და არც იქნება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სულისკვეთებით რუსულ კანონს ჰგავს და შეუთავსებელია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან.
„გამჭვირვალობის მოთხოვნა არ უნდა იქნეს გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და მათი მოქმედების თავისუფლების შეზღუდვის საბაბად“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.
რეზოლუციის პროექტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ განცხადება ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ აბსოლუტურად მიუღებელი და შეუთავსებელია დემოკრატიის ევროპულ გაგებასთან.
როგორც რეზოლუციის პროექტში ვკითხულობთ, საქართველოსთვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიული მიმართულებისა და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ.
გერმანიის ბუნდესტაგი გერმანიის ფედერალურ მთავრობას რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს:
· იმუშაოს ევროკავშირის დონეზე, რათა უზრუნველყოს ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისს გაცემული რეკომენდაციების სრული შესრულება;
· ევროკავშირის დონეზე მოითხოვოს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არ იყოს შემდგომი პროგრესი, სანამ ძალაშია კანონი ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“;
· იხელმძღვანელოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების სულისკვეთებით, ეუთო-ს (ODIHR) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხარდაჭერით და საქართველოსთან ურთიერთობების მომავალი ფორმა დამოკიდებული იყოს თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე;
· ეუთოსა და ევროპის საბჭოს ანგარიშებზე დაყრდნობით არჩევნების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმას, აყენებს თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების ლეგიტიმურობას არადემოკრატიული პრაქტიკა, რომელიც გამოვლინდა გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ წინასაარჩევნოდ, მაგალითად, მმართველი პარტიის პოლიტიკის მხარდასაჭერად ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებით;
· მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების უკანონო დევნა;
· ევროკავშირის დონეზე იმუშაოს იმისათვის, რომ მოუწოდოს ხელისუფლებას იმ კანონების გაწვევისკენ, რომლებიც მასობრივად ზღუდავს LGBTQIA+ თემის წევრების უფლებებს და ეს გახდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის წინაპირობა;
· ევროკავშირის დონეზე იმუშაოს, რათა უზრუნველყოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას მოუწოდონ „ოფშორული კანონის“ გაუქმებისკენ, რომელმაც შეიძლება შეასუსტოს ეკონომიკური გამჭვირვალობა და ბრძოლა კორუფციის და სანქციებისგან თავის არიდების წინააღმდეგ;
· მოუწოდოს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად დაგმოს რუსეთის ნებისმიერი გავლენა ტერიტორიებზე, რომლებიც დე ფაქტო კონტროლდება რუსული ჯარების მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ისევე როგორც საქართველოს შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობები;
· ევროპულ დონეზე იმუშაოს საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად, მიუხედავად ხელისუფლების დემოკრატიული უკუსვლისა, ვინაიდან უვიზო რეჟიმის შეჩერება გავლენას მოახდენს მთელ მოსახლეობაზე და, შესაბამისად, პროევროპულ ძალებზეც;
· უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების და ლგბტქ+ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც განიცდიან რეპრესიებს და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს დაცვისთვის ზომები;
· ყურადღებით დააკვირდეს საქართველოში არსებულ ვითარებას, რათა დაფიქსირდეს ნებისმიერი ფაქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიზნობრივი სანქციები;
· გააძლიეროს თანამშრომლობა და კულტურული გაცვლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და, საქართველოს სამთავრობო უწყებებისთვის ფედერალური სახსრების მიწოდებისას, უზრუნველყონ, რომ ისინი არ გამოიყენონ ქვეყნის დემოკრატიული სტანდარტებისგან დასაშორებლად.