ისტორიის დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი 2006-2015 წლებში  ბუბა კუდავა:
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩემი გათავისუფლების შემდეგ, აღარ ვეხმაურები. ასე სჯობს ალბათ – ცენტრისთვისაც და ჩემთვისაც. ვფიქრობდი, ამ პირობებში ხელის შეწყობა არ გამომივა-მეთქი. არც ის მსურდა, ხელის შემშლელად გამოვჩენილიყავი.
ახლა კი, როცა მოარულმა ხმებმა, ინფორმაციის დეფიციტმა და შექმნილმა გაურკვევლობამ დამარწმუნა, რომ საქმე არ უნდა მიდიოდეს ცენტრის სასიკეთოდ, ჩავთვალე, რომ დუმილი აღარ ივარგებს.
კონკრეტული ადრესატები ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, საჯაროდ კითხვების დასმის დრო დადგა:
– სად იგეგმება ცენტრის ახალი შენობის აგება? ვინ მუშაობს პროექტზე? რა ფართობზეა საუბარი (საკუთრივ შენობა / ტერიტორია სრულად)? როგორია ვადები?
– შენარჩუნდება თუ არა კოლექციის ერთიანობა? მართალია თუ არა კულუარული ინფორმაცია, რომ ცალკე გამოიყოფა კოლექციის საეკლესიო ნაწილი? თუ ასეა, სად დაბინავდება იგი? ვინ და რა პრინციპით შეარჩევს ამ ნაწილს? თუ ასეა, რა ბედი ეწევა დანარჩენ კოლექციებს (საერო ხელნაწერები, ისტორიული საბუთები, პირადი არქივები)?
– იგეგმება თუ არა ცენტრის გაერთიანება სხვა აკადემიურ დაწესებულებებთან? მართალია თუ არა ხმები ენათმეცნიერების ინსტიტუტთან და ჩუბინაშვილის ცენტრთან გაერთიანების შესახებ? თუ კი, ვინ მუშაობს ინსტიტუციური გაერთიანების კონცეფციაზე?
– რა იგეგმება ცენტრის აწინდელ ტერიტორიაზე / შენობაში?
– რატომ ჩამოერთვა ცენტრს 2015 წელს, ჩემი გათავისუფლებისთანავე, დიდის თავმომწონებით გადაცემული ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა? (ცნობისთვის: კოლექციის ნაწილები გადაიტანეს კიდეც შენობაში) აღმოჩნდა, რომ უვარგისი იყო? თუ ასეა, რატომ გადაეცით? რატომ დაიწყეთ კოლექციების გადატანა?
– ვინ არის გადაწყვეტილებების მიმღები უწყება / ჯგუფი / პირი / პირები? (ცნობილი გახდა, რომ ცენტრის კოლექტივს არავინ არაფერს ეკითხება)
– ვინ და რა არგუმენტებით მიიღო გადაწყვეტილება, ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაცვლად კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებოდა? რატომ არ იყო ეს საკითხი განხილული თანამშრომლებთან? (დირექტორის ფბ-პოსტიდან ჩანს, რომ კოლექტივიც და ხელმძღვანელობაც (!) პირდაპირ ფაქტის წინაშე აღმოჩნდა)
– გამჭვირვალობის მოტრფიალე ხელისუფლების პირობებში რატომ არის გაუმჭვირვალე და გასაიდუმლოებულიც კი (!) მთელი ეს პროცესი? კოლექტივში არავინ არაფერი იცის (ან უფრო ცუდი: თუ ვინმემ რამე იცის, დუმს)
მიზანშეწონილების საკითხებზე შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ. ჯერ ელემენტარულად, ამ კითხვებზე პასუხები უნდა გახდეს საჯარო.
ცენტრის არსებული და სამომავლო შენობის / ტერიტორიის საკითხებზე მუშაობის არცთუ მცირე გამოცდილება დამიგროვა იქ ყოფნის 9 წელიწადმა. აღნიშნული გამოცდილება, ქვეყანაში არსებული ვითარება (!), ელემენტარული ლოგიკა, ინტუიცია და ნახსენები საიდუმლო აურა სასიკეთოს არაფერს მკარნახობს.
კარგად მახსოვს ცენტრის ახალი შენობის აგებით „დაინტერესებული“ პირები, ადვილად რომ შეატყობდით, რა უფრო აინტერესებდათ – დღევანდელი ტერიტორია თუ დაწესებულების ხვალინდელი დღე.
კარგად მახსოვს, ურთულეს საკითხებს რა მარტივად გაეთამაშებოდნენ ხოლმე. მახსოვს, რა კომპეტენციის ადამიანები წყვეტდნენ ცენტრის ბედს (ან სურდათ გადაეწყვიტათ).
მახსოვს ისიც, რომ არ ყოფილა ცენტრის შენობასთან, ტერიტორიასთან თუ სტატუსთან დაკავშირებული არცერთი საკითხი, ღიად რომ არ განმეხილა თანამშრომლებთან.
ვისაც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგანძურის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის – მომავლის გადაწყვეტა განგიზრახავთ – კულისებში, უჩუმრად და ქურდულად… ვერ გამოგივათ, მეგობრებო, ეგ ამბავი. არაა ეს უნიკალური კოლექცია მარტო მთავრობების. არც თანამშრომლების. ჩვენია, ყველასი და არ ეგების, ზურგსუკან იხლართებოდეს მისი ბედ-იღბალი.
და ბოლოს: ერთეული გამონაკლისების გარდა, თანამშრომლებო, კოლეგებო, მეგობრებო, ყოფილო სტუდენტებო, რად ჩაგიგუბებიათ პირში წყალი? არ გეხებათ? გეშინიათ? (რისი? ვისი?) გერიდებათ? თქვენი საქმე არ არის? თუ ჩემი საქმე არ არის?
პატივისცემით,
ბუბა კუდავა
				
								
								


