“ქართული ოცნება” ევროკავშირის წინააღმდეგ – შალვა პაპუაშვილის გაღიზიანება “რადიო თავიუფლების” მიერ, ბრიუსელში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ გაგზავნილი წერილის შინაარსის მოპოვებამ გამოიწვია.
„უპირველეს ყოვლისა, ერთ დეტალს მივაქციოთ ყურადღება – ყველამ ვნახეთ, რომ ბრიუსელი ჟონავს. ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში. ვნახეთ, რომ „რადიო თავისუფლება“ (რომელიც თავის დროზე CIA-ის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული ქვედანაყოფია), რომელსაც ამერიკამ შეუწყვიტა დაფინანსება და ბრიუსელმა აიღო თავის თავზე დაფინანსება. ბრიუსელმა სპეცსამსახურების ქვედანაყოფი საკუთარ პროპაგანდისტულ მედიად აქცია. ამის მაგალითზე ვნახეთ, როგორ ჟონავს ბრიუსელი, თუმცა აქ პრობლემა არაფერია. ჩვენ არ გვქონდა უფლება, რომ გაგვესაჯაროებინა, თუმცა პირიქით, ჩვენი სურვილიც არის, რომ გასაჯაროვდეს და საზოგადოებამ ნახოს, თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას. ამ ანგარიშში აღწერილია, თუ სად იმყოფება საქართველო ინსტიტუციურ, საკანონმდებლო, თუ სტატისტიკის მიხედვით უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, რაც აინტერესებს და უნდა აინტერესებდეთ კეთილსინდისიერ ჩინოვნიკებს – აღწერილია საქართველო უქმნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირს მიგრაციის მხრივ, კრიმინალური გარემოს გაუარესების მხრივ და ა.შ. ამ მხრივ საქართველო არის სამაგალითო, მათ შორის, რეადმისიის მხრივ, საქართველო კეთილსინდისიერად იქცევა…“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ბრიუსელში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკომისიას 31 აგვისტოს წერილი და შესაბამისი ანგარიში გაუგზავნა, რომელიც ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი ხელმძღვანელის, ბეატე გმინდერის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის 14 ივლისს გაგზავნილი წერილის პასუხს წარმოადგენს.
ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილში “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ საქართველო “მტკიცედ არის ერთგული ევროპული ინტეგრაციისა, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პრინციპებს”.
