ბრიუსელიდან დაბრუნებულ ოპოზიციონერებს აეროპორტში საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ

ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნებულ ოპოზიციონერ დეპუტატებს — ანა წითლიძეს, გიორგი ბოტკოველსა და ს — აეროპორტში მოქალაქეები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დეპუტატები აეროპორტიდან პოლიციის კორდონის გავლით გამოდიან. შეკრებილმა მოქალაქეებმა ისინი შეძახილებით „მონა“ გააცილეს და ეკითხებოდნენ, რატომ არ მოაწერეს ხელი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეზოლუციას.
ანა წითლიძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ ადამიანები, ვინც მათ დახვდნენ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები იყვნენ.
დეპუტატები ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ესწრებოდნენ. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი მოამზადა.
„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის დასაინიციირებლად საჭირო 10 ხმა ვერ შეაგროვა და ბიურომ ამიტომ ვერ გაიტანა საკითხი პლენარულ სხდომაზე. მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის ვერმიღებაში ოპოზიცია და დაადანაშაულა.
ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს არაერთხელ შესთავაზეს, მათაც მოეწერათ ხელი რეზოლუციის პროექტისთვის.
„ნაციონალურ მოძრაობის“ განცხადებით, „ქართული ოცნება“ დეზინფორმაციას ავრცელეს, რომ თითქოს ევრონესტში ქართული დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან რეზოლუციას. როგორც პარტიაში აცხადებენ, მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის ინიციირება სცადა ევრონესტის ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი წევრების გვერდის ავლით.
რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინელი დეპუტატის, ვოლოდიმირ არიევის განცხადებით, ისინი რეზოლუციის თანასპონსორები ვერ იქნებოდნენ, რადგან საქართველო რუსეთს დასავლური სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება.
ამავე თემაზე:
· „თურმე „ოცნება“ უნდა ემუდაროს ოპოზიციას, EU-ში ინტეგრაციას როგორმე სადმე მხარი დაუჭირონ“ — ბოჭორიშვილი