მდინარე ეივონზე აგებული უორლის კაშხლის მიმდებარე ტერიტორია დიდი ბრიტანეთის სამხრეთში პოპულარული საზაფხულო საცურაო ადგილია. ეს იმის მიუხედავად, რომ მდინარე ხშირად სავსეა ბაქტერიებითა და სხვა დამაბინძურებლებით. წყლის ხარისხს იქ ახლა ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს, რომელიც წყლის ზედაპირთან სენსორების საშუალებით არის დააკვშირებული. ხელოვნური ინტელექტი სენსორების მონაცემებს უმალ აანალიზებს. რამდენიმე დაწკაპუნება მობილურ ტელეფონზე და… ყველაფერი ნათელია – წყალი უსაფრთხოა. ბრიტანული სტარტაპის, „UnifAI Technology“-ის დეველოპერები ამ სიახლის დანერგვას სხვა მდინარეებსა და პლაჟებზეც გეგმავენ.
აქამდე ბაქტერიებს სინჯების აღებითა და მათი შემდგომი ლაბორატორიული ანალიზის გზით აკონტროლებდნენ. თუმცა, სტარტაპ „UnifAI Technology“-ის კომერციული დირექტორის, დენ ბაილსის თქმით, ეს პროცედურა არასაკმარისია. „ნიმუშს აიღებ, ლაბორატორიაში მიგაქვს და სამი დღის შემდეგ გეუბნებიან, რომ გასულ ხუთშაბათს ბანაობა არ ღირდა. ამიტომ, ეს მეთოდი სრულყოფილი არ არის“, – ამბობს წყლის ხარისხის კონტროლის სფეროს ნოვატორი.
სენსორები ზომავენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა Ph (წყალბადის იონების კონცენტრაცია წყალში – რედ.), ტემპერატურა, ჟანგბადი და ამონიუმის შემცველობა. ექვსთვიანი ტრენინგის განმავლობაში, ხელოვნურმა ინტელექტმა ისწავლა ამ მონაცემების დაკავშირება წყალში აღმოჩენილი საშიში ბაქტერიების დონესთან. შემდეგ ის ამ მონაცემებს ასახავს აპლიკაციაში, რაც ცურვის მოყვარულებს საშუალებას აძლევს, ინფიცირების რისკს თავი აარიდონ.
ხელოვნური ინტელექტი ისრაელში ჩეხ არქეოლოგებს ეხმარება (ჩეხურ ენაზე)
წყლის ხშირი დაბინძურების მიზეზი ის არის, რომ წყლის სამეურნეო სექტორი ინგლისში, მრავალი წელია, კრიზისის ზღვარზეა. მოგებაზე ორიენტირებული კერძო კომპანიები ინფრასტრუქტურაში საკმარის ინვესტიციას არ დებენ და დაბინძურებული ჭარბი ჩამდინარე წყლები მდინარეებსა და ზღვებში ხვდება.
„წყლის კომპანიებმა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი როლი უნდა შეასრულონ. ჩვენ მეტი ინვესტიცია გვჭირდება“, – აღიარებს კომპანია „Wessex Water“-ის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების დირექტორი, რუთ ბარდენი. მაგრამ სიტუაციის გაუმჯობესებას მრავალი წელი დასჭირდება. სანამ ადამიანებს სუფთა წყლით სარგებლობების უკეთესი პერსპექტივა შეექმნებათ, პოტენციური საფრთხეების შესახებ მათ ხელოვნური ინტელექტი გააფრთხილებს.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ანტიბიოტიკების სფეროში ისტორიაში ყველაზე დიდი აღმოჩენა გააკეთეს. ამაში მათ ხელოვნური ინტელექტი დაეხმარა (ჩეხურ ენაზე)
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი