ბრიტანეთში ბავშვების მკვლელობას მეჩეთსა და პოლიციელებზე თავდასხმა მოჰყვა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში წუხელ მასობრივი არეულობები იყო. სავარაუდოდ, რადიკალი ნაციონალისტები თავს დაესხნენ ადგილობრივ მეჩეთს და მის დამცველ პოლიციელებს.
29 ივლისს, დანით შეიარაღებულმა პირმა ბავშვთა ცეკვის კლუბში სამი გოგო მოკლა და კიდევ რამდენიმე ბავშვი დაჭრა. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის ბიჭი დააკავა.
30 ივლისს საუთპორტში ჩატარდა სამგლოვიარო ცერემონია, რომლის დასრულების შემდეგ რამდენიმე ასეულმა მამაკაცმა ქალაქის მეჩეთს და იქ მყოფ პოლიციელებს ქვები, ბოთლები და სხვა საგნები დაუშინა. დაწვეს პოლიციის მიკროავტობუსი და ნაგვის ურნები.
მასობრივ არეულობებს სათავე დაუდო სოციალური ქსელებით გავრცელებულმა ცნობებმა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მუსლიმი, რადიკალი ისლამისტი და ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებელი პირია. საუთპორტის პოლიციის წარმომადგენელმა ალექს გოსმა ამ ცნობებს უწოდა სპეკულაცია, რომელიც ძალადობისთვის იყო გამოყენებული. პოლიციის თანახმად, 17 წლის ეჭვმიტანილი უელსის დედაქალაქ კარდიფშია დაბადებული და წლების განმავლობაში ცხოვრობდა საუთპორტთან მდებარე სოფელ ბენქსში.
BBC-ს ცნობით, შუაღამის შემდეგ საუთპორტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური მასობრივი არეულობების შედეგად 22 პოლიციელის დაშავების შესახებ იუწყებოდა, საათნახევრის შემდეგ კი გაავრცელა ცნობა, რომ ტრავმირებულია 39 პოლიციელი. მათგან 27 საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი დახმარება ადგილზე გაუწიეს. საუთპორტის პოლიციის ინფორმაციით, თანამშრომლებს აქვთ ჭრილობები და მოტეხილობები.