ბრიტანეთის პრემიერმა რიში სუნაკმა აღიარა არჩევნებში კონსერვატორების დამარცხება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა აღიარა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი კონსერვატიული პარტიის დამარცხება და გამარჯვება მიულოცა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, მომავალ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს.
გაერთიანებულ სამეფოში 4 ივლისს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, თემთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში ოპოზიციაში იყო.
სუნაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონსერვატორების მარცხზე პასუხისმგებლობას იღებს და მათთვის ბრიტანელების ვერდიქტი გამოსაფხიზლებელი იქნება. თავად რიში სუნაკმა თემთა პალატის არჩევნებში გაიმარჯვა იორკშირში, რიჩმონდის ოლქში.
ხმების დათვლის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა, ოფიციალურად ცნობილია, რომ 650 ერთმანდატიანი ოლქიდან ლეიბორისტებმა უკვე გაიმარჯვეს 347-ში, რაც ნიშნავს, რომ თემთა პალატაში უმრავლესობა ექნებათ. უბრალო უმრავლესობის მოსაპოვებლად 326 მანდატი იყო საჭირო. 4 ივლისს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის თანახმად, ლეიბორისტულ პარტიას საბოლოო ჯამში, 410 მანდატი ექნება.
თავის საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვა ლეიბორისტების ლიდერმა კირ სტარმერმა. მისი განცხადებით, ცვლილებები ახლავე იწყება. სტარმერმა ბრიტანელებს მიმართა, რომ მათ ხმა მისცეს, ახლა კი ჯერი ლეიბორისტებზეა, რომლებმაც დაპირებები უნდა შეასრულონ.
კონსერვატორების გამარჯვება ჯერჯერობით 92 ოლქშია დადასტურებული. წინასწარი შედეგებით, 54 მანდატი მოიპოვეს ლიბერალ-დემოკრატებმა. წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე ოლქში გაიმარჯვეს შოტლანდიის ნაციონალური პარტიის და პოპულისტური „რეფორმის“ კანდიდატებმა.

ასევე დაგაინტერესებთ