ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ანტისემიტიზმთან ბრძოლის მიზნით ძალისხმევას გააორმაგებენ.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მანჩესტერში, სინაგოგაზე თავდასხმის შემდეგ ორი ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, პოლიციამ ლონდონში ამ შაბათ-კვირას დაგეგმილი პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, გააუქმონ ან გადადონ აქცია, რადგან ეს გამოიწვევს პოლიციის რესურსების გადამისამართებას, რომლებიც საჭიროა თავდასხმის შემდეგ შეშინებული თემების დასაცავად.
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა, განაცხადა, რომ ესმის ღაზას სექტორთან დაკავშირებით ყველა მხარის მიერ გამოხატული გრძნობების სიძლიერე, მაგრამ, ამან, მისი თქმით, ბრიტანეთის ქუჩებში ძალადობა არ უნდა გამოიწვიოს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავავლოთ ზღვარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსა და აქ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შორის“, – განაცხადა მინისტრმა და გააპროტესტა პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები, რომლებიც მანჩესტერში მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე საათში გაიმართა, მათ არაბრიტანული და შეურაცხმყოფელი უწოდა და მონაწილეებს მოუწოდა, „ცოტა მეტი ჰუმანურობა და სიყვარული გამოიჩინონ გლოვაში მყოფი საზოგადოების მიმართ“.
მინისტრს დაუსვეს შეკითხვა ისრაელის კრიტიკასთან დაკავშირებით, რომელსა ბრიტანეთის მთავრობას მის ქალაქებსა და უნივერსიტეტებში ანტისემიტიზმის გავრცელების დაშვებაში ადანაშაულებს, რაზედაც ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა:
„ამ ქვეყანაში ანტისემიტიზმის მიუღებელი დონეა, მაგრამ უბრალოდ მინდა ნათლად ვთქვა, რომ გუშინ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირი თავად თავდამსხმელია“.
