ბრიტანეთის ელჩი: ზუსტად ვიცი, რამდენიმე საგრძნობლად მნიშნელოვანი გარიგება დაპაუზებულია

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრთან, სთან შეხვედრაზე, 2024 წლის 15 აპრილი
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის, მარკ კლეიტონის თქმით, რუსული კანონის, დაშინებისა და ძალადობის ფაქტების გამო მნიშვნელოვანი გარიგებები “დაპაუზებულია”. მან ამის შესახებ BMG-ის გადაცემაში “ანალიტიკა” ისაუბრა.
ელჩის თქმით, რუსული კანონის გამო ქვეყანაში არსებული მღელვარებისა და არასტაბილურობის ფონზე ბრიტანელმა ინვესტორებმა საქართველოდან “შეიძლება თანხა საერთოდ გაიტანონ”.
“საინვესტიციო მხარე საქართველოში მნიშვნელოვანი მოთამაშეები ვართ, ამ ბრიტანული კომპანიების ღირებულება ასეული მილიონობით ფუტით შემცირდა იმ მღელვარებისა და არასტაბილურობის ფონზე, რაც რუსულმა კანონმა მოუტანა საქართველოს. ყველაზე მეტად, რაც ინვესტორებს აწუხებთ – ძალადობისა და დაშინების ფაქტები. ჩვენ დავგმეთ ასეთი ქმედებები, მაგრამ ბრიტანელი, ინსტიტუციური ინვესტორები უყურებენ რა ხდება ქვეყანაში, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებენ და შეიძლება თანხა საერთოდ გაიტანონ ამის შემდეგ.” – თქვა ელჩმა.
კლეიტონმა ინტერვიუს მიმდინარეობისას ყურადღება ძალადობისა და დაშინების ფაქტებზე გაამახვილა, რის გამოც მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო მედიაში კარგად არ გამოიყურება.
“დღეს საქართველო კარგად არ გამოიყურება საერთაშორისო მედიაში, ისინი [ინვესტორები] კითხულობენ არასტაბილურობის, ძალადობის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების შესახებ, შედეგად ისინი უფრთხილდებიან თავიანთ ინვესტიციებს.” – ამბობს კლეიტონი.
ელჩის აზრით, ყველაზე მძიმეა, რომ ბიზნეს გარიგებები, რომლებიც შესაძლოა შემდგარიყო, არ შედგა.
“ფეხბურთს მიღმა საქართველოს გაშუქება საერთაშორისო მედიაში პოზიტიური არ არის. ამას აქვს გავლენა და ეს მე მაწუხებს, როგორც საქართველოს მხარდამჭერს, როგორც გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მაწუხებს, როგორც გავლენა ბრიტანულ კომპანიებზე. ყველაზე მძიმე მთელ ამ ამბავში ის გარიგებებია, რომლებიც შეიძლება შემდგარიყო და არ შედგა”.- თქვა მან.
დეტალებზე საუბრისგან კლეტიონმა თავი შეიკავა, თუმცა თქვა, რომ დაპაუზებულია მნიშვნელოვანი გარიგებები.
“ზუსტად ვიცი, თუმცა დეტალებში ვერ შევალ, რამდენიმე საგრძნობლად მნიშვნელოვანი გარიგების შესახებ, ყველაზე რბილად რაც შეიძლება ამ ეტაპზე ითქვას, ის არის, რომ ისინი დაპაუზებულია, არამხოლოდ იმ რისკების გამო, რაც უკვე მოხდა, არამედ იმ რისკების გამოც, რაც შეიძლება ოქტომბრის არჩევნებს მოჰყვეს.” – ამბობს იგი.