ბრალი წარუდგინეს ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულებს, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას

საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა თბილისში, კეკელიძის N1-ში, ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას. ცნობა რადიო თავისუფლებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრში” დაუდასტურეს. ბრალდებულები მოძრაობა „ხმის” თანადამფუძნებლები არიან.
ხასაიას და ჩიქობავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ჯგუფურად) მე-2 ნაწილით წარუდგინეს. ორივე მათგანს ედავებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას. მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
· კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის;
· გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.
აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან გამოასახლა ოჯახი. პოლიციამ გამოსახლების პროცესის გასაპროტესტებლად ბინაში ოჯახის წევრებთან ერთად შეკრებილ ადამიანებს ჯერ სივრცის დატოვებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
აღსრულების პოლიცია ბინაში 2-საათიანი მცდელობის შემდეგ შევიდა. მათ შედუღებული დახვდათ როგორც ბინაში, ისე სადარბაზოში შესასვლელი კარები. ბინაში შესვლაში მათ დაეხმარათ საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და თანამშრომლები.
კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ახალი მფლობელის, დარეჯან დვალის ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ მფლობელთან, მარინა ხატიაშვილთან, შეთანხმება შედგა და მას უძრავ ქონებას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დაუბრუნებენ.
შეთანხმებაზე ხელმოწერას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი. მისი თქმით, დოკუმენტი მხარეებმა 24 იანვრის საღამოს გააფორმეს და მასში ეწერა, რომ ერთი თვის განმავლობაში დარეჯან დვალი ქონებას არ გადაყიდის და რომ თანხის გადახდის შემდეგ იგი „აღარ დაემუქრება დვალს”.
ხატიაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ მისი გამოსახლების ფონზე დაწყებულ საპროტესტო ტალღას ის ვერ შეაჩერებს.
„პირობები იყო, რომ ერთი თვის განმავლობაში ის [დარეჯან დვალი] ქონებას არ გადაყიდის, იქნება დალუქული. როგორც კი ფულს გადავუხდი, გადმოფორმდება, ოღონდ მე აღარ უნდა „დავაბულინგო. ჯერ ერთი, როდის ვაბულინგებდი? თავს ვიცავდი… მუქარაზე ვუთხარი, არასოდეს არავინ დაგმუქრებიათ-მეთქი. არ ვიცი, მუქარაში რას გულისხმობენ…” ამასთან, მარინა ხატიაშვილის თქმით, „აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია დაკავებულები არიან და პატიმრობა ემუქრებათ! სანამ მათ არ გაათავისუფლებენ, როგორ წარმოუდგენიათ სიტუაციის თუნდაც ოდნავ განმუხტვა?!”
კითხვაზე, თუ რა იგულისხმა დარეჯან დვალის ადვოკატმა ერთი თვის განმავლობაში ქონებით სარგებლობის პირობაზე, მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს და „გაარკვევს”. მისი თქმით, შეთანხმება ნოტარიულად ჯერ არ გაფორმებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლონდა თოლორაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში

საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს