ბრაიზა: როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთი არ ჩარეულა საქართველოს არჩევნებში?

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო კვირაზე მეტია კამათისა და განხილვის საგანია. როგორ ჩანს დასავლეთიდან საქართველოში განვითარებული მოვლენები და როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს.
ამ და სხვა თემებზე “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი მარიამ უგრეხელიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, მეთიუ ბრაიზას ესაუბრა.
ბატონო ელჩო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. პრეზიდენტმა ბაიდენმა ცოტა ხნის წინ, საქართველოსთან და საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა, სადაც ის საარჩევნო დარღვევებზე და მათი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. საქართველოს მთავრობისთვის მილოცვის ნაცვლად, რაც სხვა შემთხვევაში ნორმალური პრაქტიკა იქნებოდა, მან საარჩევნო პრობლემებზე ისაუბრა. რას ამბობს ეს ამერიკის პოზიციაზე?
მართალი ხართ, როგორც წესი, დაახლოებით, ამ დროისთვის უკვე გაჟღერდებოდა მისალოცი გზავნილი. თუმცა, ის, რაც ახლა მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ნამდვილად შიშობს, რომ [საქართველოს] არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ვფიქრობ, დენ ტვინინგმა “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან” ძალიან კარგად განმარტა, რომ როდესაც მთავრობა ცვლის და არღვევს საარჩევნო წესებს, მაშინ ის ართმევს საკუთარ მოსახლეობას შანსს, რომ ხმა მისცეს, ან საკუთარი პოლიტიკური აზრი გამოხატოს. ეს კი დემოკრატიულ პროცესსში დემოკრატიას ვნებს.
მეორე მხარეა ის, რომ არავინ იცის, რა არის [არჩევნების] რეალური შედეგები. უცნაურია, რომ „ქართული ოცნება“, რომელსაც აქამდე დაახლოებით 35%-მდე [მხარდაჭერა ჰქონდა], ამტკიცებს, რომ 56%-მდე ავიდა. ამას ახსნა სჭირდება.
ასევე უნდა გაირკვეს ყველა დარღვევა, რომელიც ანგარიშებში მოხვდა, იქნება ეს საარჩევნო კარუსელები; ამომრჩეველთა დაშინება, განსაკუთრებით რეგიონებში თუ სხვა. ესაა წესების ისეთი დარღვევა, რაც არჩევნებს არათავისუფალსა და უსამართლოს ხდის.
სახელმწიფო დეპარტამენტმა, დაახლოებით მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა. მაგრამ, ასევე, მეთიუ მილერმა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ ამერიკა თავის ევროპელ კოლეგებთან ერთად მსჯელობს იმაზე, რა ორგანოს შეუძლია საარჩევნო დარღვევების გამოძიება. თქვენი გამოცდილებით, მომხდარა თუ არა მსგავსი რამ და რისი გაკეთება შეუძლია ამ დროს საერთაშორისო საზოგადოებას?
ეს საკმაოდ უჩვეულოა. უცებ დაფიქრებისას არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ეუთო, ან ევროკავშირი ვინმეს აიძულებდეს რამის გამოძებას, რადგან როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” არაფრის გამოძიებას არ აპირებს.
“ქართულ ოცნებას” რომ ყველაფრის წარმოჩენა სურდეს და დასამალი არაფერი ჰქონდეს, მაშინ ისინი მიიღებდნენ ეუთო/ოდირს, ან ამის გაკეთება შეუძლია ვეროპული ოჯახის რამდენიმე წარმომადგენლობას. მაგალითად, საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭო, ვენეციის კომისია, ლოგიკური არჩევანი იქნებოდა.
ჩემი აზრით, იმ განცხადებიდან გამომდინარე, რაც თქვენ ახსენეთ, შესაძლოა [დასავლეთისგან] იყოს ზეწოლა, რომ მოხდეს გამოძიება, რომელიც შესაძლოა მთავრობას არც უნდოდეს.
ასევე მინდა დავამატო, რომ ძალიან დიდი სიმბოლური ესკალაციაა, როდესაც განცხადებები სახელმწიფო დეპარტამენტიდან პრეზიდენტის დონემდე ავიდა. ეს საკმაოდ უჩვეულოა.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამერიკა საქართველოს მთავრობას არ ენდობა და ასეთ უჩვეულო ზომებსაც ამიტომ განიხილავს?
ვფიქრობ, ამერიკა ცდილობს, რომ ფრთხილი იყოს. არ ჩატეხოს ხიდები და უსაფუძვლო ბრალდებები არ გააკეთოს. მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ახლა არასწორი იქნება “ქართულ ოცნებას” უთხრა, რომ არ ენდობი, რადგან “ქართული ოცნება” გეტყვის, რომ ქვეყანაში პლურალიზმია, რომ მათ კამპანია ისე კარგად აწარმოეს, რომ ნამდვილად მიიღეს ხმები. ამ ეტაპზე ამერიკას არ აქვს იმის საფუძველი, რომ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს იქამდე, ვიდრე გამოძიება არ ჩატარდება და დასკვნა გახდება ცნობილი. ასე რომ ამერიკა ცდილობს სათანადო პროცესის ეკვივალენტობა შეინარჩუნოს და მთავრობაში რომ ვყოფილიყავი, მეც იმავეს გავაკეთებდი.
საქართველოს მთავრობას პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება კარგად არ მიუღია. თქვეს, რომ ის ვერ განსაზღვრავს, ჩატარდა თუ არა ქვეყანაში არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად. ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან კი მოვისმინეთ, რომ ერთადერთი პრობლემა საქართველოსა და დასავლეთ შორის უკრაინის ომის გამო არსებობს და როგორც კი ომი დასრულდება, მხარეები ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ. თქვენი აზრით, რა რეალური პრობლემებია საქართველოსა და დასავლეთს შორის და მართლაც ასე ადვილია თუ არა ურთიერთობების განახლება, როდესაც სიტუაცია ასეთი პრობლემურია?
საქართველოს მთავრობის ასეთი განცხადებები პროპაგანდაა “ქართული ოცნების” მხრიდან. ეს იმავე პროპაგანდის ნაწილია, როდესაც მათ დანგრეული უკრაინის ფოტოები და საქართველოს მშვიდობიანი ფოტოები ერთად გამოაქვეყეს. ისინი შიშზე დაფუძნებულ ტაქტიკას მიჰყვებიან. ყველამ იცის, რომ აქამდე ისინი ამბობდნენ, თითქოს ამერიკა ცდილობდა ისინი უკრაინის წინააღმდეგ ს ომში ჩაეთრია- ეს სრულიად სასაცილო ტყუილებია. ამერიკას არასდროს ენდომება, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, რაში უნდა დასჭირდეს ამერიკას საქართველო, რა სამხედრო შესაძლებლობების მოტანა შეუძლია მას ისეთის, რაც იმაზე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე, რაც უკრაიანას შეუძლია, ევროპულ და ამერიკულ რაკეტებთან ერთად? ასე რომ [პასუხია] არა! თუ ში რუსეთის ომი დასრულდება, ეს პრობლემა არ იარსებებს? მაგრამ პრობლემები ამერიკასა და საქართველოს, ან ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოშივე იქმნება.
რაც შეეხება განცხადებას იმაზე, რა უფლება ჰქონდა ამერიკის პრეზიდენტს, რომ ქართულ დემოკრატიაზე კომენტარი გაეკეთებინა- ეს ძალიან ღრმა პრობლემის ნაწილია. საქართველო, რომელიც ასე უყვარს და რომელზეც ზრუნავს ამერიკა ისეთი საქართველოა, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებს ატარებს ევროკავშირის წევრობისთვის.
ევროპელი პარტნიორები კი ჩვენი [ამერიკის] ყველაზე ახლო მოკავშირეები არიან იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად. ასე რომ ამერიკას სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებაში. როდესაც საქართველოში არჩევნები ცუდად ტარდება, საქართველო შორდება ევროკავშირს. ასე რომ სრულიად მისაღებია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოში დემოკრატიის პროგრესზე განცხადება გააკეთოს.
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და ვნახეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ ამერიკის მომავალი ნაბიჯები, მთლიანად იქნება დამოკიდებული საქართველოზე. ამ დროისთვის, არ ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის, რადგან ამერიკა და ევროპა იმ კანონების გაწვევას ითხოვენ, რომლებიც მათ არადემოკრატიულად გამოაცხადეს, ისმის მოთხოვნები გამოძიებასთან დაკავშირებითაც. თუ მთავრობა თანამშრომლობას არ დააპირებს, ფიქრობთ თუ არა, რომ სანქციების მორიგი ტალღა იქნება დასავლეთის შემდეგი ნაბიჯი?
ნამდვილად, აბსოლუტურად. ამერიკამ უკვე დაუწესა სანქციები კონკრეტულ პირებს [საქართველოში]. ტრანსატლანტიკური ოჯახი და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეჯახების კურსს ადგანან. მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის უფრო ღრმა [პრობლემაა], რომ ისინი შეჯახების კურსზე არიან ქართველ ამომრჩეველთან, რომლის 80%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. რაღაც მომენტში, საქართველოში ამომრჩეველი გაიღვიძებს, ოპოზიცია გაერთიანდება, გადალახავს თავის ეგოისტურ უთანხმოებებს და იმედია გააკეთებს იმას, რაც პოლონეთმა გააკეთა.
ჩემი პირველი დიპლომატიური ტური პოლონეთში, 1989 და 1991 წლებში იყო. მაშინ, სრულიად ჯადოსნური სოლიდარობის რევოლუციაში ის იყო, რომ პირველად პოლონეთის ისტორიაში, ფერმერები, მუშები, მრეწველობაში დასაქმებულები და ელიტური, ინტელექტუალური ელიტა შეიკრნენ და დაუძლეველი კოალიცია შექმნეს. საქართველოს ეს ჯერ არ გაუკეთებია. ოპოზიციაც კი ვერ ახერხებს ამას, არადა ეს უნდა გააკეთონ.
იქამდე კი, სანამ ისინი [გაერთიანებას] ვერ ახერხებენ, უთანხმოება იზრდება ქართველებში ისევე, როგორც იზრდებოდა უკრაინელებში, რომლებაც მაიდანი მოაწყვეს რადგან გრძნობდნენ, რომ იანუკოვიჩი მათ ევროპული მომავალს ართმევდა. მსგავსი დაძაბულობის რისკები არსებობს საქართველოში და ვლოცულობ, რომ ყველაფერი იგივენაირად არ მოხდეს.
ამ დაძაბულობის ფონზე კი, ვფიქრობ, რომ სულ უფროდაუფრო მეტ სანქციებს ვიხილავთ ამერიკისგან და ევროპისგან, რადგან როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ ხელი ჩაიქნია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ამ დრომდე არცერთ დასავლურ ქვეყანას არ მიულოცია საქართველს მთავრობისთვის, უნგრეთის გარდა. ნახავდით, რომ პრემიერ-მინისტრი [ორბანი] საქართველოშიც იყო ჩასული. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ეს ქვეყნები უბრალოდ ფრთხილობენ, თუ იმას, რომ ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ?
ვფიქრობ ისინიც, ამერიკის მსგავსად, ფრთხილად არიან. მათ სურთ, რომ სამართლიანები იყვნენ. თეორიულად შესაძლებელია, რომ “ქართულ ოცნებას” მართლაც აეღო უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რა მაქინაციები ჩაატარეს, თეორიულად ეს მაინც შესაძლებელია. ასე რომ ახლა “ქართულ ოცნებასთან” ხიდების ჩატეხვას აზრი არ აქვს, იქნება ეს ამერიკა, თუ ევროპა.
თუ მათ [“ქართულმა ოცნებამ”] მოიპოვეს უმრავლესობა, მაშინ ეს სირცხვილი იქნება ქართველი ამომრჩევლისთვის, რადგან მივიდნენ იმ შედეგამდე, რომლითაც საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში.
საქართველოს პრეზიდენტი ძალიან ხმამაღლა საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ახლა ქვეყანაა. ის არა მარტო არალეგიტიმურად ცნობს არჩევნებს, არამედ ამბობს, რომ ეს რუსული გავლენის შედეგად მოხდა. რას ფიქრობთ რუსეთის გავლენაზე საქართველოში და კონკრეტულად, ამ არჩევნებზე. განსაკუთრებით ახლა, როდესაც კრემლი ძალიან კმაყოფილია არჩევნების შედეგებით- თქვეს რომ არჩევნებმა უპრობლემოდ ჩაიარა და განცხადებებს განცხადებებზე აკეთებდნენ იმაზე, რა კარგად მისცეს ხმა ქართველებმა.
ვფიქრობ, საერთაშორისო დონეზე შეცდომაა, როდესაც რუსეთი გამოდის და ამ არჩევნების შედეგებს საქართველოს ულოცავს. თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთის აუდიტორია არა საერთაშორისო საზოგადოება, არამედ ამ შემთხვევაში ქართველი ხალხია, ეს ქართველი ამომრჩევლების ქვეცნობიერი დაშინების გზაა- ეუბნებიან, რომ ჯობია მიიღონ არჩევნების შედეგები, რადგან მათ [“ქართული ოცნების”] უკან, [რუსეთი] დგას. ეს ასევე პუტინის მესიჯია რუსებისთვის, რითიც მათ ეუბნება, რომ “” მკვდარია და არც იფიქრონ, რომ მსგავსი რამ გაიმეორონ რუსეთში.
ჩაერია თუ არა რუსეთი ამ არჩევნებში? ამის მყარი მტკიცებულება არ მაქვს. მაგრამ, როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთი არ ჩარეულა [საქართველოს არჩევნებში]? მათ ქვეყნის 20%-ზე მეტის ოკუპაცია მოახდინეს; ქვეყანაში შეიჭრნენ; საქართველოში არსებობს ხელისუფლება, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობა აღადგინა; გააუქმა ანაკლის პორტი და გააკეთა ბევრი რამ, რაც რუსეთს სურს.
ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან, ემანულ მაკრონის ხელახლა არჩევის პროცესიდან და ევროპაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნებიდან გავიგეთ, რომ რუსეთის თამაში გეგმა არის, გააკეთონ ყველაფერი, რათა არჩევნებზე გავლენა მოახდინონ და საკუთარი მიმართულებით წაიყვანონ. ვერ წამომიდგენია, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი ამას არ გააკეთებდნენ იქნებოდა ქვეყანა, რომლის 20%-იც ოკუპირებული აქვთ.
ასე რომ მყარი მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ სრულიად ალოგიკური და რუსეთის ბოლოდროინდელი ისტორიული პრეცენდეტებიდან გადახვევა იქნებოდა, რომ ეთქვათ, მოდი საქართველო გამონაკლისი იყოს, ნუ ჩავერევით მათ არჩევნებში- ამის დაჯერება შეუძლებელია.
ჩვენ ახლა პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვახსენეთ. მისი თქმით, ხელისუფლება მის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს, რადგან ის საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. პრეზიდენტმა ასევე ახსენა, რომ დროში საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ს განცხადება, რომ მსგავსი პოზიციისთვის, პრეზიდენტი უნდა გადააყენონ, ან დაიჭირიონ. ამის შემდეგ კი ზურაბიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს პროკურატურაში, როგორც თავად ამბობენ, საარჩევნო დარღვევებზე სასაუბროდ- რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე და მის როლზე არჩევნების შედეგების დაცვისას?
ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან ამ განცხადების შესახებ არ ვიცოდი. თუმცა, ის ყველაზე რადიკალურია რუსებს შორის და ატომური ჰოლოკოსტით ემუქრება ყველას, ვინც უკრაინას რუსეთის დამარცხებაში დაეხმარება. ასე რომ მსოფლიომ მისი განცხადებები, უბრალოდ უნდა უარყოს. თუმცა, როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” ამას არ აკეთებს. პოლიტიკურად ძალიან უგუნურად მეჩვენება პროკურორის გაადწყვეტილება.
ერთია, როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი ღელავს იმაზე, საქართველოს არჩევნები იყო თუ არა თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ ვღელავთ და გამოძიება გვსურს და მეორეა, როდესაც [კეთდება განცხადება], რომ სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტი უნდა დააკავონ. ის პრეზიდენტია, იმუნიტეტი აქვს, პრეზიდენტებს არ იჭერენ, რანაირ სამყაროში ჰგონია დმიტრი მედვედევს, რომ საქართველო ცხოვრობს? ეს სრულიად სასაცილოა.
რაც შეეხება პროკურორის მიერ [პრეზიდენტის] გამოკითხვაზე დაბარებას, ეს არაკონსტიტუციური და უკანონოა. ესაა აშკარად დაშინების მცდელობა. შეიძლება “ქართული ოცნების” ზედა ეშელონებში ნერვიულობენ, რომ სიტუაცია მათ კონტროლს აღარ ექვემდებარება. მედვედევის განცხადება, შესაძლოა მიიღეს როგორც იმის სიგნალი, რომ ჯობია ყველაფერი დროულად მოაგვარონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ქუჩაში მორიგი ქაოტურობის პერიოდი არ მიიღონ. აქვე ვიტყვი, რომ ამერიკას არ სურს არაფერი რევოლუციის მსგავსიც კი საქართველოს ქუჩებში. ამერიკას საქართველოში დემოკრატიული პროცესის ხილვა სურს, რაც ახლა დაზიანებულია და მოსაგვარებელია.
რაც შეეხება იმას, რას ვფიქრობ პრეზიდენტის საქმიანობაზე ახლა- ჩემი აზრით, ის წარმოუდგენელ სიმამაცეს იჩენს. მე მას იმ დროიდან ვიცნობ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ის იყო ფრანგი დიპლომატი, რომელიც ნამდვილ ქართველ პატრიოტად გადაიქცა. მან იცის, რომ საკუთარ უსაფრთხოებას აყენებს საფრთხეში, როდესაც ასეთ რამეებს ამბობს. ვინ იცის რა მოხდება, როდესაც მსგავსი განცხადებები ამოსდის პირიდან დმიტრი მედვედევს.
ამაყი ვარ, რომ მსგავს პიროვნებას ვიცნობ, იქნება ეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუ ნებისმიერი მისი მსგავსი ადამიანი. ნამდვილად ამაყი ვარ, რომ მასთან [მუშაობის] გამოცდილება მაქვს. ქართველმა ხალხმა მას ეს სიმამაცე უნდა დაუფასოს.
ამერიკის მსგავსად, ევროკაშირიც ითხოვს საარჩევნო დარღვევევის გამოძიებას და ამბობენ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, თუ ქვეყანა ტრაექტორიას არ შეცვლის- რა მდგომარებაში აყენებს ეს საქართველოს?
[საქართველო] ერთ ადგილასაა გაჩერებული, გაჭედილია. ნათელია, რომ მთავრობას არ სურს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე პროგრესი. ქართველი ხალხის უმეტესობას კი ეს ნამდვილად უნდა. ასე რომ, ეს იწვევს ღრმა წინააღმდეგობას საზოგადოებაში.
შეიძლება ამიტომაც ვისმენთ ასეთ განცხადებებს მედვედევისგან, ის ნერვიულობს, რადგან იცის, რომ ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძოდა. ასე რომ ვფიქრობ ყველაფერი გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირებისკენ მიდის. ვლოცულობ, რომ ეს არ იყოს ფიზიკური დაპირისპირება და ეს ყველაფერი ქუჩაში არ გადავიდეს. თუმცა, ასევე ყველამ ვიცით საქართველოს უახლესი ისტორია. იმედი მაქვს, გამოჩნდება გზა, რომლითაც ორივე მხარე დამშვიდდება და მოლაპარაკებების პროცესი შესაძლებელი გახდება.
ხედავთ თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყნის დასავლელმა პარტნიორებმა თქვან, რომ [საქართველო] არ ეთანამშრომლება მათ და ქვეყანა დატოვონ იმ მდგომარეობაში რაშიც ის არის?
რა თქმა უნდა, ყველაფერს საზღვარი აქვს, არა? სამყარო ძალიან საშიში ადგილია. ხალხი ბირთვული ომის შესაძლებლობას განიხილავს რუსეთის ჩართულობით. დიდ ხანს ვიყავი ახლო აღმოსავლეთზე ფოკუსირებული. სულ ცოტა ხნის წინ ხალხი იმას განიხილავდა, დაარტამდა თუ არა ირანის ბირთვულ ობიექტებს და თუ ასე მოხდებოდა, უპასუხებდა თუ არა ირანი ისრაელს მის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით. ასე თუ მოხდება, ისეთი ესკალაციის მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, სადაც ბირთვული ტაბუ დაირღვევა იმით, რომ ვინმემ შესაძლოა მსგავსი იარაღი მართლაც გამოიყენოს. ახლა მსოფლიოში ორი ადგილი არსებობს, სადაც რეალურად ღელავენ ბირთვულ ომზე, ამგვარი სცენარის დროს კი საქართველოზე არავინ იფიქრებს. ასე რომ საქართველო, ნუ დაკარგავ რელევანტურობას.

ასევე დაგაინტერესებთ

კოკა მორგოშია: ორივე პოლუსმა მოახერხა ის, რომ ახლა ოცნების და ოპოზიციის ბედი დამოკიდებულია ამერიკელებეზე და ევროპელებზე, როგორც ისინი გადაწყვეტენ, იმ “პალაჟენიაში” დრჩება ოპოზიციაც და ოცნებაც