აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სამართალდამცავი უწყებების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საგარეო პოლიტიკასა და რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრისას, დაუშვებელი უწოდა “სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების თემაზე სპეკულაციას”.
“ჩვენს სახელმწიფოში არსებობენ ადამიანები, საკმაოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, რომელთაც სურთ რუსეთის სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის გარკვეული პარალელები გაავლონ. ეს დაუშვებელია. მე ვამბობდი და კიდევ ვიტყვი, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ეკონომიკური სუვერენიტეტის გასამყარებლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ იმ შესაძლებლობებს, რომელთაც რუსეთის ფედერაცია გვთავაზობს. რუსეთი ჩვენი ძმა და მეგობარია. არავინ აწარმოებს საუბრებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები უნდა შევასრულოთ”, – განაცხადა ბჟანიამ.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში აფხაზურ საზოგადოებაში მოსკოვის მიმართ კრიტიკა ახალი კანონმდებლობების [მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში აპარტამენტების ყიდვის შესახებ] ინიცირების პარალელურად იზრდება. საპასუხოდ, მოსკოვმა აფხაზეთის საბიუჯეტო თანამშრომლებს თანადაფინანსება შეუწყვიტა და აღებული ვალდებულებები გაახსენა. შესაბამისად, აფხაზეთის ხელმძღვანელობას საზოგადოებისთვის უწევს ახსნა განმარტებები, თუ რამდენად საჭირო სტრატეგიული პარტნიორია აფხაზეთისთვის რუსეთი და რა რისკების წინაშე დადგებიან, რუსეთთან დაშორების შემთხვევაში.