“ბორჯღალოსნები” | მეორედ ბათუმში, ამჯერად ფიჯისთან

“ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა 2024 წლის ზაფხულის პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
5 ივლისს, 20 საათზე, საქართველო ფიჯის ბათუმში, “აჭარაბეთ არენაზე” მასპინძლობს. მოცემული მომენტისთვის ფიჯი მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზეა (76.38), საქართველო კი მე-13 ადგილს (74.02) იკავებს და გამარჯვების შემთხვევაში მომავალ მეტოქე იაპონიას (მე-12 ადგილზე – 74.04) გადაასწრებს.
“ბორჯღალოსნებმა” მოსამზადებელი ეტაპი ქუთაისში გაიარეს, რის შემდეგაც კოკერილმა სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.
2023 წლის 23 სექტემბრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება მგეზავი თედო აბჟანდაძე, რომელიც ვასილ ლობჟანიძეს შეუწყვილდება; ლუკა მატკავამ კი ფულბეკად გადაინაცვლა. ცენტრში
გიორგი კვესელაძე დემურ თაფლაძეს შეუწყვილდება, ფრთებზე კი დავით ნინიაშვილი და აკაკი ტაბუცაძე დადგებიან.
ბურჯებად თამაშს გიორგი ახალაძე და ირაკლი აფციაური იწყებენ, ხოლო კვაჭი ვანო კარკაძე იქნება. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი შეწყვილდებიან, ფლანკერები ილია სპანდერაშვილი და ლუკა ივანიშვილი იქნებიან, შერკინების შემკვრელი კი კაპიტანი ბექა გორგაძეა. გორგაძე ფიჯისთან გუნდს მესამედ უკაპიტნებს.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამი 424-ს შეადგენს, საიდანაც თითქმის სამჯერ მეტი – 317, ხაზის მოთამაშეებზე მოდის, 8 მორკინალის კეპების ჯამი კი 107-ია.
კოკერილმა მარქაფაში 6 მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშე შეიყვანა. მათგან ერთი დებიუტანტია. კვაჭი ლუკა პეტრიაშვილი გახდება 303-ე მორაგბე, რომელსაც 35-წლიან ისტორიაში “ბორჯღალოსნების” კვართი მოურგია. მის გარდა მარქაფაში არიან ბურჯები გიორგი მამაიაშვილი და სანდრო ქუნთელია, მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე, მესამეხაზელები – ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია, 9 ნომერი გელა აფრასიძე და ფრთა სანდრო თოდუა.
შეგახსენებთ, ფიჯისთან მატჩის შემდეგ “ბორჯღალოსნები” ზაფხულში კიდევ ორ შეხვედრას გამართავენ – 13 ივლისს იაპონიას სენდეიში, საქართველოს დროით 14 საათზე ერკინებიან, 20-ში კი ავსტრალიას სიდნეიში, 09:45 საათზე ეთამაშებიან.
ჩვენ და ფიჯი
აქამდე ფიჯისთან 7-ჯერ გვითამაშია და ჯერჯერობით კუნძულელებს დადებითი ბალანსი აქვთ. აღსანიშნავია, რომ ამ 7 მატჩიდან 4 ნეიტრალურ მიედანზე გაიმართა, ორი ფიჯიზე და მხოლოდ ერთი საქართველოში, თბილისში. ეს 2012 წელს მოხდა. მაშინ ფიჯის ისტორიაში პირველად დავუპირისპირდით და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქემ “მიხეილ მესხზე” 24:19 იმარჯვა.
2016 და 2018 წლებში ფიჯის ორჯერ ვეწვიეთ. პირველ შემთხვევაში საქართველომ სრულფასოვანი რევანში აიღო, მეტოქეს ლელო არ გაატანინა და „მფრინავები“ 14:3 დაამარცხა. ორი წლის შემდეგ კუნძულელები სუვაში უკეთ გამოიყურებოდნენ და 37:15 გაიმარჯვეს.
მომდევნო ოთხი თამაში ნეიტრალურ მოედნებზე გაიმართა და მათგან ორი მსოფლიო თასის ეგიდით შედგა. 2019 წელს იაპონიაში კუნძულელებმა ურთიერთშეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობით, 45:10 გაიმარჯვეს. 2020 წელს, კოვიდ-პანდემიის პერიოდში, ფიჯის შემოდგომის ერთა თასზე ედინბურგში (შოტლანდია) შევხვდით და უპირატესობა კვლავ მეტოქის მხარეს იყო – 38:24.
ერთი წლის თავზე ფიჯისთან ტესტ-მატჩს ესპანეთმა, არანხუესმა უმასპინძლა და ამჯერად გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. მართალია, მეტოქეს ლელო ვერ გავუტანეთ, თუმცა გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა და საბოლოოდ ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა – 15:15.
2023 წლის მსოფლიო თასზე ფიჯისთან შეხვედრას ბორდომ (საფრანგეთი) უმასპინძლა. ლელო ვერც ამჯერად გავიტანეთ. მოვიგეთ პირველი ტაიმი და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ მცირედი სხვაობისთვის მხოლოდ ნუგეშ-ქულას დავჯერდით – 12:17. თამაში იმდენად დაძაბული და დამღლელი აღმოჩნდა, რომ ფიჯელ მორაგბეებს გამარჯვების აღსანიშნავად ენერგია აღარ შერჩათ და დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო მედია ამ ფაქტზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა.
მთლიანობაში, ფიჯი დავამარცხეთ მხოლოდ ერთხელ, ერთი თამაში ფრედ დასრულდა, 5 შემთხვევაში კი მეტოქემ იმძლავრა. გავიტანეთ 8 ლელო და 109 ქულა, თავად კი 25 ლელო და 179 ქულა მივიღეთ.
აღსანიშნავია, რომ ს “აჭარაბეთ არენაზე” “ბორჯღალოსნები” ისტორიაში მეორედ ითამაშებენ. პირველად 2022 წლის ზაფხულში იტალიას ვუმასპინძლეთ და ტიერ1-ის გუნდთან პირველი, ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ – 28:19. იმედია, ბათუმი “ბორჯღალოსნებისთვის” ამჯერადაც ფეხბედნიერი აღმოჩნდება და ფიჯისთან 8-წლიანი პაუზის შემდეგ მეორე გამარჯვებას ვიზეიმებთ.
2024 წლის ზაფხულის ტესტ-მატი

5 ივლისი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“. 20:00

საქართველო – ფიჯი

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 19 კეპი, 114 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 40 კეპი, 185 ქულა), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 36 კეპი, 20 ქულა), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 57 კეპი, 40 ქულა), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 29 კეპი, 63 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 52 კეპი, 351 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 84 კეპი, 78 ქულა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 5 კეპი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 12 კეპი, 15 ქულა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 7 კეპი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 7 კეპი, 10 ქულა), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 12 კეპი, 5 ქულა), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 7 კეპი, 10 ქულა), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 12 კეპი, 10 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 45 კეპი, 60 ქულა, კაპ.);
მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 4 კეპი), 18. სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 4 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 16 კეპი, 5 ქულა), 20. ბექა საღინაძე (ლიონი, 39 კეპი, 15 ქულა), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 32 კეპი, 25 ქულა); 22. გელა აფრასიძე (ბაიონე, 52 კეპი, 35 ქულა), 23. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 112 კეპი, 90 ქულა).
მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი
Rugby.ge