ბორის ჩელე ყურუა – ალტერნატიულ გამოძიებას იწყებენ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც BBC- ის ინტერვიუ მისცეს – „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ჩელე ყურუას განცხადებით, BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ალტერნატიული გამოძიებით საზოგადოებაში არსებული ეჭვები კიდევ უფრო ძლიერდება.
როგორც პოლიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, ჟურნალისტურ გამოძიებას ყოველთვის სხვა სტანდარტი აქვს, თუმცა „ქართული ოცნების“ ქმედებებზე ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა.
„ვიცით, რომ ჟურნალისტურ გამოძიებას მტკიცების განსხვავებული სტანდარტი აქვს, ვიდრე ინსტიტუციების მიერ განხორციელებულ გამოძიებას. არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან (ქართული ოცნება) და მათ უნიათობას საზღვარი არ აქვს. ჩვენ ყველანი ვიყავით აქციებზე და ვიცით რამდენად „უსიამოვნო“ იყო ის, რასაც ეს ადამიანები აკეთებდნენ. საბოლოო ჯამში, ამით შეიძლება კიდევ უფრო დიდი გამოძიება დაიწყოს და ამან მიგვიყვანოს მტკიცების მაღალ სტანდარტთან. ალტერნატიულ გამოძიებას იწყებენ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც BBC- ის ინტერვიუ მისცეს. ლეგიტიმური ეჭვი ოპოზიციურ ტელევიზიებს ხომ არ გაუვრცელებიათ, გააჟღერა BBC-იმ , რომელსაც ახლო წარსულს თუ გავიხსენებთ, კარგად ენდობოდნენ მაშინ, როდესაც მათთვის სასარგებლო რაღაცებს ამბობდნენ, დღეს კი BBC-ი „დიფსთეიტის“ ტელევიზია გახდა. მათმა (ქართული ოცნება) ქმედებებმა ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა.
ჩემი აზრით, თავადაც არ იციან რა ქიმურ ნივთიერებს იყენებდნენ, ადამიანებს ატრენინგებდნენ ე.წ გაზის კაფსულა რომ ისროლონ, თავად კი წარმოდგენა აქვთ რა არის“,- განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე აქციების დაშლის ისტორიიდან გამომდინარე, მმართველი პარტიას უფრო მეტი ცოდნის მქონეა, ვიდრე რომელიმე ხელისუფლებას ამ ქვეყანაში.
„ქართული ოცნება“ სპეცრაზმის ნაწილში უფრო ძლიერი და უფრო მეტი ცოდნის მქონეა, ვიდრე რომელიმე ხელისუფლებას ამ ქვეყანაში.
რუსთაველის გამზირის აქციების დაშლის ბევრად უფრო სასტიკი დაშლაც უნახავს, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ არის მოძალადე ხელისუფლება, რომელსაც ადამიანებთან ლაპარაკი არ შეუძლია. 20 ივნისის მერე ვერ იტყვიან, რომ მოძალადეები არ არიან“,- განაცხადა პოლიტიკოსმა.
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.
BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.
მოგვიანებით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სუს-ში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. კერძოდ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
უწყება განმარტავს,რომ გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია. აღინიშნება, რომ გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს და მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ.