ბორელი: ნავალნის დაღუპვის გამო საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ს დაღუპვის საკითხზე ევროკავშირის სახელით განცხადება გამოაქვეყნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი აღშფოთებულია ნავალნის დაღუპვის გამო და აცხადებს, რომ საბოლოო პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინს და ს ხელისუფლებას ეკისრება. ბორელი ახალი სანქციების დაწესების გეგმაზე მიუთითებს.
„დღეს საგარეო საქმეთა საბჭოზე ღრმა მწუხარებით მივუსამძიმრეთ მის მეუღლეს იულია ნავალნაიას, მათ შვილებს, ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვინც მასთან ერთად მათი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობდა.
რუსეთმა მისი უეცარი გარდაცვალების გარემოებების დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება უნდა დაუშვას. ევროკავშირი ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ხელისუფლებამ პასუხი აგოს; ასევე შემდგომ მაღალ ფასს გადაახდევინებს მათი ქმედებებისთვის, მათ შორის სანქციების მეშვეობით.
ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ხალხი მთელ მსოფლიოში შეიკრიბა. რუსეთში ხელისუფლებამ რიგ ადგილებში ამის თავიდან აცილება სცადა და რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ”, – ნათქვამია ჟოზეპ ბორელის განცხადებაში, რომლის თარგმანიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვყენა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ნავალნის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი სიკვდილი რუსეთში მზარდი და სისტემატური რეპრესიების კიდევ ერთი ნიშანია.
ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის იური დმიტრიევი, ვლადიმერ კარა-მურზა, ილია იაშინი, ალექსეი გორინოვი, ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა, ალექსანდრა სკოჩილენკო და ივან საფრონოვი.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა, ექიმების მიერ მისი რეანიმირების მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა.
ოპოზიციონერი ლიდერი, 47 წლის ალექსეი ნავალნი თაღლითობის და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებებით, 19-წლიან სასჯელს იხდიდა იამალის ოლქის კოლონიაში. ნავალნი თავს მიიჩნევდა პუტინის რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრად. მას ასეთად მიიჩნევდნენ უფლებადამცველები და დასავლეთის სახელმწიფოები.
„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა და აეროპორტშივე დააკავეს.
ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა.