“ბონუსი დამაკარგვინა, 10 წამი თვალი ჰქონდა დახუჭულიო, 39 მქონდა სიცხე” – მათე ბაღაშვილი

მათე ბაღაშვილი:
ევოლუშენში 19 წლის ასაკში მივედი და 22 წლის ვიყავი, რომ წამოვედი.
წამოვედი და აღმოვჩნდი სამყაროში, რომელსაც დიდიხანია აღარ ვიცნობდი, წამოვედი კომპლექსებით, რომ იმ საქმის კეთების გარდა, სხვა აღარაფერი შემეძლო, რომ ოცნებებზე სწორედ მაშინ ვთქვი უარი, როცა ამ კომპანიის კარი პირველად შევაღე.
ჩემს პირველივე ღამის სმენაზე გვერდით სტრესისგან გოგო ისე ტიროდა, სკამიდან წამოხტა და სტუდიიდან გავიდა — მაშინ ვიფიქრე ეს რა ჯანდაბა ხდება-მეთქი, მაგრამ მერე შესვენებაზე ვიღაცამ მითხრა, ეგ რა არის, ერთი გოგო ორსულად იყო და მოთამაშემ დაუწერა, შენი შვილი მკვდარი, ლურჯი თვალებით დაიბადებაო, ისე ცუდად გახდა, ლამის ნაადრევი მშობიარობა დაეწყოო… ბევრჯერ დავარდნილან ჩემ წინ ამ წლების განმავლობაში ძალაწართმეული, უძინარი, ენერგიაგამოცლილი ადამიანები, მაგრამ გარშემო ყველას ის შიში კლავდა, რომ ვიღაცის წამოყენება თვის ბოლოს ბონუსის ან დღის ბოლოს სამსახურის დაკარგვად შეიძლება დასჯდომოდათ.
რა გითხრათ მეტი, მენჯერი გაფრთხილებული მყავდა, ცუდად ვარ, სიცხე მაქვს, ვინმე გამოუშვით, რომ შემცვალოს-მეთქი, შემცვალეს და სხვა მენეჯერს უკვე ვაილეიშენი (გაფრთხილება, რომელიც ბონუსს გაკარგვინებს) ჰქონდა დაწერილი, 10 წამი თვალი ჰქონდა დახუჭულიო (39 მქონდა მაგ დროს სიცხე).
7000 თანამშრომელი რომ ერთმანეთის პირად ცხოვრებას საერთო ჯგუფში განიხილავდა, ერთმანეთს დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ, ეგ ამბავი მოგიყევით წლების წინ — დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, მენეჯერი თუ ბანქოს მჩეხავი — ყველა, რიგითიც და ბურჟუაც. ღამის 3-4 საათზე ერთმანეთის გამოსაფხიზლებლად ფეხებს ვურტყამდით მაგიდებს, ხან ტაშს ვუკრავდით ხმამაღლა, რომ არ ჩამოგვძინებოდა და ვინმეს ვაილეიშენი არ დაეწერა, თვის განმავლობაში გაწეული შრომა წყალში არ ჩაგვყროდა. HR, რომელიც ახლა ლინქდინზე ისეთ პოსტებს წერს, ვფიქრობ, დროა, რეინკარნაციის ვიწამო, ტელეფონზე მეკაჩავებოდა (თუ ხვალ რე-ტრენინგზე გურიიდან არ ჩამოხვალ, აღარასდროს დაგაბრუნებთ სამსახურშიო) და მამხილებელი პოსტი რომ დავწერე ევოლუშენის შიდა ჯგუფში, მენეჯერმა დამიბარა, ასე ჩვენ არ ვიქცევით და საჯაროდ არ ვწერთ რაღაცებს, მენეჯერთან ვაგვარებთო… თქვენი მოგვარებული საქმე კი ვნახეთ ყველამ, აგერ. მწერებისგან დაკბენილ, ტემპერატურისგან და უჰაერობისგან დაავადმყოფებულ ბავშვებზე აღარ ვსაუბრობ.
დიახ, ჩემი არჩევანი იყო ევოლუშენში, ღამის სმენაში მუშაობა, მაგრამ 19 წლის ასაკში სხგა გზა არ მქონდა. პრინციპში, სხვა გზა არც იყო, ვერ დავჯდებოდი სახლში და ემიგრანტი მშობლების კისერზე ჩამოკიდებული ვერ განვლევდი ცხოვრებას.
ევოლუშენიდან რომ წამოვედი, 2 თვე სამსახურის ძიებაში ვიყავი, მეგონა, რომ დავჩლუნგდი და მეზიზღებოდა თავი, რომელიც ისეთ საქმეს მივუძღვენი, არასდროს ჩემი ცხოვრების მანძილზე გადაკვეთაში რომ არ ყოფილა ჩემს გასავლელ გზასთან. არ მახსოვს სად და როგორ მოხდა ისე, რომ ეგ განცდები ჩამოვიშორე და წინ სიარული დავიწყე, მაგრამ ვერცერთ ლოგიკაში ვერ ჯდება ჩემი დღევანდელი რეალობა და ის მდგომარეობა, რომელშიც თითქმის 3 წელი ვიყავი.
ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს ამ კომპანიაში და იმ სქრინებში რამდენიმეც შეეწირა ამ მარაზმს, მაგრამ საკუთარი თავის ყველაზე ცუდ ვერსიად სხვისთვის თუ არა, საკუთარი თავისთვის მაინც იქცევი დღეების, კვირების, თვების ან წლების შემდეგ.
გულწრფელად ვუხდი მადლობას ყველას, ვინც ამ ჯოჯოხეთს მომაცილა.
P.S. მეასედ ვწერ ევოლუშენზე პოსტს, ალბათ, იმიტომ, რომ აღარასდროს დამთავრდა ამ კომპანიაში მიმდინარე გულისამრევი სიტუაცია და შემდეგ “მიმდინარეობს მოკვლევა” ოფიციალური პოსტები, თითქოს ფეხზეც არ ეკიდოთ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი .

ასევე დაგაინტერესებთ