კატარის რას ლაფანის ინფრასტრუქტურული ჰაბიGetty Imagesკატარის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულმა კომპანია QatarEnergy-მ განაცხადა, რომ ბოლო 12 საათის განმავლობაში ირანმა ორჯერ მიიტანა სარაკეტო იერიში ქვეყნის მთავარ ენერგეტიკულ ჰაბზე, რას ლაფანის ინდუსტრიულ ქალაქზე, რომელიც კატარის ეკონომიკის საყრდენსა და მსოფლიოში ყველაზე დიდ გათხევადების საწარმოს წარმოადგენს.
რას ლაფანი კატარის დედაქალაქ დოჰადან 80 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ხუთშაბათს კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ობიექტზე ირანმა ბალისტიკური რაკეტებით იერიში მეორედ მიიტანა, რამაც QatarEnergy-ს განცხადებით, “საკმაოდ დიდი ხანძრები და დამატებით მასშტაბური ზიანი” გამოიწვია.
კატარის რას ლაფანზე თავდასხმას წინ უძღოდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გაფრთხილება, რომ ირანის მტრები “ძლიერი ქმედების მოლოდინში უნდა იყვნენ” მას შემდეგ, რაც თეირანმა აშშ-სა და ისრაელს ბრალი დასდო ირანის საწვავისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე იერიშებში.
რას ლაფანზე ირანის იერიშების შემდეგ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის საელჩოს სამხედრო და უსაფრთხოების ატაშეები, ასევე მისი თანამშრომლები, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ 24 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება უბრძანა.
პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ აშშ ირანის სამხრეთ პარსის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურაზე მასობრივ იერიშს წამოიწყებს, თუკი თეირანი კიდევ ერთხელ დაესხმება თავს კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანას.