„ბოლო სამი წლის განმავლობაში, ადგილობრივი საინვესტიციო ფონდების ბაზრის მოცულობა წელიწადში საშუალოდ 59%-ით იზრდებოდა“ – სებ–ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, ადგილობრივი საინვესტიციო ფონდების ბაზრის მოცულობა წელიწადში საშუალოდ 59%-ით იზრდებოდა“ – სებ–ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი
ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა დავით აბესაძემ ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) მიწვევით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსია კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მარეგულირებელი ორგანოს როლს და საზედამხედველო მიდგომებს მიეძღვნა.
დავით აბესაძემ ღონისძიების მონაწილეებს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიმდინარე პროექტები გააცნო. მათ შორის, საუბარი შეეხო სებ-ის ინიციატივით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ განხორციელებულ „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის საფუძველზეც გამარჯვებულ კომპანიებს 2022-2023 წლებში 454 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობა მიეცათ. მან ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის განხილვისთვის ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი პრაქტიკისა და ჩარჩოს შესახებ.
„ჩვენი, როგორც მარეგულირებლების მთავარ ამოცანას ზედამხედველობა და ამ პროცესში ინვესტორთა ინტერესების დაცვა წარმოადგენს. პირველ რიგში, სწორედ ამ მანდატის შესრულებით და ინვესტორთა ნდობის გაზრდით შეგვაქვს წვლილი ბაზრის განვითარებაში. იმავდროულად, ზემოხსენებული ძირითადი ამოცანის შესრულების პარალელურად, ზედამხედველი შეიძლება ზრუნავდეს ბაზრის განვითარებაზეც, რისი წარმატებული მაგალითებიც, კონკრეტული პროექტებისა და ინიციატივები სახით გაგვაჩნია“, – აღნიშნა დავით აბესაძემ.
ღონისძიების ფარგლებში დავით აბესაძემ აუდიტორიას უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების (REIT) დანერგვის კუთხით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
„თუკი „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ ემიტენტების და შესაბამისად მიწოდების მხარის წახალისებით მიზნად ისახავდა ბაზრის აქტივობის ზრდას ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების სეგმენტზე, REIT-ის შემთხვევაში ფოკუსს ვაკეთებთ მოთხოვნის მხარეზე. ეს კონკრეტული ინიციატივა საცალო ინვესტორებს უკვე წილობრივ ინსტრუმენტებში, ამ შემთხვევაში REIT-ში, დაზოგვის სტიმულს გაუჩენს. გარდა საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავებისა და ბაზრის მონაწილეებთან კომუნიკაციისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან, რათა დაბეგვრის ასპექტებიც სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ადგილობრივი საინვესტიციო ფონდების ბაზრის მოცულობა წელიწადში საშუალოდ 59%-ით იზრდებოდა. REIT-ის დანერგვა ფონდების ბაზრის განვითარებას დამატებით სტიმულს მისცემს“, – განაცხადა დავით აბესაძემ.
ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს