„ბოლო პერიოდში ძალიან გაგვეზარდა იმპორტის მაჩვენებელი. გაიზარდა მოხმარება და ამან განაპირობა გაძვირება“ – ელექტროენერგიის ფასი წლიურად 1.5%-ით გაიზარდა
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და ფასი გაიზარდა. „გალტ & თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 1.3%-ით გაიზარდა და 3.7 ტვტ.სთ შეადგინა. მიმოხილვაშია აღნიშნულია, რომ პირველ კვარტალში საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი წლიურად 1.5%-ით გაიზარდა და კილოვატ საათზე დაახლოებით 6 ცენტი შეადგინა.
რა ფაქტორებმა განაპირობა ელექტროენერგიის ფასის ზრდა, კითხვით ,,კომერსანტმა” GREDA-ს აღმასრულებელ დირექტორს მაია მელიქიძეს მიმართა. მისი განმარტებით, საქართველოში ელექტოენერგია დეფიციტურია, რაც პროდუქტზე ფასს აძვირებს. გარდა ამისა, ქვეყანამ ბოლო პერიოდში ექსპორტი გაზარდა. მოთხოვნის ზრდა კი ფასში აისახა.
,,ზოგადად, დეფიციტური ქვეყანა ვართ. როდესაც ნებისმიერ პროდუქტზე არის დეფიციტი ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ პროდუქტზე ფასი იმატებს. ბოლო პერიოდში ძალიან გაგვეზარდა იმპორტის მაჩვენებელი. გაიზარდა მოხმარება და ამან განაპირობა გაძვირება. მეორე, ჩვენი საექსპორტო პოტენციალი წლიდან წლამდე იზრდება. ექსპორტს ვახორციელებთ თურქეთში, სადაც ძალიან აქტიურად გაგვაქვს ექსპორტზე. ამასთან, პერიოდულად გვაქვს სომხეთში, როგორც ექსპორტი ასევე იმპორტი მათ შორის. ბოლო პერიოდში ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგში ჩასმულია გადამცემი ხაზების გაძლიერება სომხეთთან მიმართებაში. ეს ყველა გარემოება ავტომატურად მოქმედებს მოთხოვნა-მიწოდებაზე და შესაბამისად ფასიც ყალიბდება.”- განმარტავს მაია მელიქიძე.
„გალტ & თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის მიწოდებამ 3.8 ტვტ.სთ შეადგინა, საიდანაც ადგილობრივი გენერაციის წილი 2.8 ტვტ.სთ იყო, რაც 15.6%-ით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში იმპორტი 1ტვტ.სთ იყო, რაც 122%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი წყაროებიდან დაიკლო, როგორც ჰესების, ისე თბოსადგურების გამომუშავებამ.
,,შემცირების მაჩვენებელი ჰიდროს მიმართულებით უფრო იყო. ჰიდროლოგიის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით უფრო ნაკლებია. დღის წესრიგში დადგა ეს საკითხი, რომ გენერაციის მაჩვენებელი შემცირდა. რაც შეეხება თბოს-მოგეხსენებათ, რომ თბო მუშაობს იმპორტირებულ გაზზე. გაზის იმპორტირებას ჩვენ ვახორციელებთ აზერბაიჯანიდან. ამ მოცემულობის გათვალისწინებით გვაქვს ეს რეალობა.”- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში მაია მელიქიძე.
„გალტ & თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვის გაანალიზებით დგინდება, რომ იმპორტი უფრო იაფი იყო, ვიდრე ადგილობრივი გამომუშავება. GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, საქართველო ელექტროენერგიას ძირითადად რუსეთისგან ყიდულობს. რუსეთს კი ამ პერიოდში ჭარბი რაოდენობის პროდუქტი აქვს, რამაც ელექტოენერგიის სიიაფე განაპირობა. მაია მელიქიძე აცხადებს, რომ ელექტროენერგიის დეფიციტი წლებია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, საჭიროა ელექტოენერგიის გენერაციის ობიექტის განვითარება და მათი გამრავლება.
,,ზოგადად, თქვენ რომ დააკვირდეთ ტრენდს მასიურად ასეა. ჩვენ იმპორტს ვახორციელებთ რუსეთიდან. ვინაიდან რუსეთს ახლა აქვს ჭარბი რაოდენობით ელექტო ენერგია, სიჭარბე ავტომატურად ნიშნავს ფასის დაკლებას. ამიტომ, ფასი უფრო კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა, ვიდრე ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში. ზოგადადა, ეს ტრენდი და ეს გამოწვევა ბევრი წელია ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მეტი ელექტოენერგიის გენერაციის ობიექტი ავაშენოთ. იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ურტყამს ნერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას.”- აცხადებს მაია მელიქიძე.
