“ვიტორიულმა ბასკონიამ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი, კამარ ბოლდუინი იცავს, ევროლიგაში “ბარსელონა” დაამარცხა. მატჩის ბედი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გადაწყდა და ბასკონიელებმა შეხვედრა 88:86 მოიგეს. გადამწყვეტი ბურთი ტრენტ ფორესტმა ჩააგდო. შეხვედრის დასრულებამდე 3,5 წამი იყო დარჩენილი, როდესაც ფორესტმა ბურთი მიიღო მცველს აჯობა და ორქულიანი ჩააგდო, რითაც ბასკონიას სეზონში მეათე მატჩი მოაგებინა.
კამარ ბოლდუინმა 18:39 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. კამარმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო. საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა “ბასკონიას” გამარჯვებაში
დიდი წვლილი შეიტანა. მასპინძლებს 22 ქულითა და 9 მოხსნით ჩიმა მონეკემ ულიდერა.
“ბასკონიას” მიმდინარე სეზონში 10 მოგება და 14 მარცხი დაუგროვდა. კამარ ბოლდუინის გუნდი მე-15 ადგილზეა და მომდევნო ტურში “მონაკოს” ესტუმრება.
GBF