ბოიკოტი, რეპრესიები, დამკვირვებლების არყოფნა, ქუჩის აქციების დარბევა – როგორ ჩაიარა 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებმა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე 20:00 საათის მონაცემებით თბილისში 324 281 ადამიანი მივიდა, რაც ქალაქის ამომრჩეველთა 31.08%-ია.
ხოლო საქართველოს მასშტაბით საღამოს 8 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 1 438 116 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 40.93%-ს შეადგენს.
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩატარდა. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა.
ქვეყნის მასშტაბით აირჩიეს 64 ქალაქის მერი და 64 საკრებულოს 2 058 წევრი – ნაწილი პროპორციული, ნაწილი კი მაჟორიტარული სისტემით.
არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და ბოიკოტი გამოაცხადა 8 ოპოზიციურმა პარტიამ.
არჩევნებს ქვეყანა პოლიტპატიმრებით შეხვდა. ამ დრომნდე დაპატიმრებულია 7 პოლიტიკური ლიდერი, ციხეში ხვდებიან არჩევნებს სამოქალაქო აქტივისტები და გასული წლის დეკემბერში დაუსაბუთებელი ბრალით დაკავებული საპროტესტო აქციების მონაწილეებიც.
თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად დაგეგმილი აქცია 4 ოქტომბერს, რომლის საორგანიზაციო კომიტეტშიც იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, “მშვიდობიან რევოლუციას” ისახავდა მიზნად. საღამოს 8-ის ნახევრისთვის თავისუფლების მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილმა ათონელისკენ გადაინაცვლა, პრეზიდენტის სასახლის ასაღებად – სასახლეში შეჭრის მცდელობისას სპეცრაზმმა შეტევა წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით მოიგერია.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 იყო.
4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდა არცერთი საერთაშორისო, ავტორიტეტული, ორგანიზაცია.
წელს პირველად არჩევნებს არ დააკვირდა ეუთო/ოდირი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აკვირდება არჩევნებს.
4 ოქტომბრის არჩევნებს ასევე არ დაკვირვებია: საია, სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. ესაა სამი დიდი ქართული ორგანიზაცია, რომელიც დაარსების დღიდან საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს აკვირდებოდა.
ს მტკიცებით, საარჩევნო პროცესს დააკვირდა 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი დამკვირვებელი, 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 000-ზე მეტი დამკვირვებელი. პროცესი გააშუქა 73 მედია ორგანიზაციის 1000-მდე წარმომადგენელმა.