ბლოგერი უჩა აბაშიძის “არსენალში” შსს-მ Airsoft-ის სათამაშო თოფებიც აჩვენა

9 მაისს სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ფოტო, რომელზეც, მათი მტკიცებით, დაკავებული პირის სახლიდან ამოღებული ნივთები ჩანს.
-ს მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს სულ მცირე ორი შაშხანა და თოფი, რომელზეც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რეალური ცეცხლსასროლი იარაღია.
თუმცა ფოტოებში ჩანს ტაქტიკური თამაში Airsoft-ისთვის განკუთვნილი სათამაშო შაშხანებიც, რომლებიც, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს რეალურ ცეცხლსასროლ იარაღს. თუმცა ჩანს ელექტროსადენები, რომლებიც სათამაშო იარაღის მექანიზმისთვისაა საჭირო. ფოტოში ჩანს ამავე თამაშისთვის განკუთვნილი პატარა თეთრი ბურთის ფორმის ტყვიები.
ბლოგერი უჩა აბაშიძის ერთ-ერთი ჰობი სწორედ ეს ტაქტიკური თამაში არის.
რაც შეეხება დანარჩენ, რეალურ იარაღებს, შსს-ს განცხადებაში არ ჩანს, რა სახის საბრძოლო მასალის უკანონო შესყიდვა-შენახვას ედავებიან ბლოგერს და რომელი იარაღებია შეძენილი კანონის დარღვევით.
შსს-ს განცხადების მიხედვით, მათ უჩა აბაშიძე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და აღნიშნულია, რომ შსს-სა და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.
9 მაისს პოლიციამ სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე საკუთარ სახლში, რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ დააკავა. აქამდე ბლოგერის ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში წერდა, რომ პოლიციამ უჩა აბაშიძეს მობილურ ტელეფონზე წვდომა და ადვოკატთან დარეკვის უფლება შეუზღუდა. ამავე ცნობით, ჩხრეკდნენ ბლოგერის ამჟამინდელი პარტნიორის საცხოვრებელსაც.
გასულ კვირებში უჩა აბაშიძე წერდა ვიდეობს, რომლებშიც რუსული კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს ურჩევდა, როგორ დაეცვათ თავი საპროტესტო აქციებზე.