ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატი – სასამართლოს გადაწყვეტილება მიმაჩნია, რომ არ არის კანონიერი და არ არის დასაბუთებული

ბიჭიკო პაიკიძეს პასპორტი ფიზიკურად ხელში აქვს, მაგრამ მისი მოქმედება არის შეჩერებული. მას ძალიანაც რომ უნდოდეს, იმ პასპორტით ვერ გადაადგილდება, – ამის შესახებ კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელისა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ბიჭიკო პაიკიძემ დაკარგა პასპორტი, შემდეგ აიღო ახალი და სწორედ ამ ახალ პასპორტს აქვს ვალიდურობა შეჩერებული.
„სასამართლოს გადაწყვეტილება მიმაჩნია, რომ არ არის კანონიერი და არ არის დასაბუთებული, ისევე, როგორც არ იყო დასაბუთებული ბრალდების მხარის პოზიცია. ყველამ ერთად ვნახეთ პასპორტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები. ბიჭიკო პაიკიძეს პასპორტი ფიზიკურად ხელში აქვს, მაგრამ მისი მოქმედება არის შეჩერებული. მას ძალიანაც რომ უნდოდეს იმ პასპორტით ვერ გადაადგილდება, რაც ერთის მხრივ მაფიქრებინებს იმ სურვილების არარეალურობას, რომელი სურვილებიც თითქოსდა გამოხატა ბრალდების მხარემ მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ადამიანმა დაკარგა პასპორტი. მას პასპორტი, რომლითაც საქართველოს საზღვარი გადაკვეთა, დაეკარგა. არამარტო პასპორტი, სხვადასხვა ნივთი, რაც ე.წ. პატარა ხელჩანთაში ჰქონდა. მას შემდეგ ჩვეულებრივ დაუკავშირდა იუსტიციის სახლს, როგორც ხდება დისტანციურად. გადაიღო ფოტო, გააკეთა განაცხადი. ჩვეულებრივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პასპორტი მიეცათ. ცოლმა აიღო. ფუნქციაა ასეთი, როცა პიროვნება დისტანციურად უკვეთავს პასპორტს, გამტანი ვისაც შეეძლება გაიტანოს და ამაზე წვდომა ჰქონდეს არის მეუღლე. აიღო მეუღლემ და მიჰქონდა პასპორტი მასთან. კონკრეტულად რომელ ქვეყანაში დაკარგა პასპორტი ჩემთვის ცნობილია, თუმცა მე ამის თაობაზე ბუნებრივია არ ვიტყვი.
ის გარკვეული პერიოდულობით ორ-სამ თვეში ერთხელ „CHECK UP-ზე” ყოველთვის მიდიოდა. მაგრამ დაბმული ხომ არ იყო თურქეთის კლინიკაში? მას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში ჰქონდა სხვადასხვა ბიზნეს შეხვედრები. მას აკრძალული არ ჰქონია შეხვედრები და გადაადგილებისთვის ბუნებრივია პასპორტი სჭირდებოდა. პროკურატურა და ბრალდების მხარე რას ამბობს, ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ეს არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, აბსოლუტურად არაფერ შუაში არაა. არავის გაუფრთხილებია. იცოდა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა. გამოძიება ძალიან ბევრ ადამიანზე მიმდინარეობს და ისინი მიდიან და მოდიან. რაც შეეხება კითხვას, მ სთხოვა პასპორტის გაუქმება რეესტრს თუ ვინ, სახელების და გვარების ხსენება მიმაჩნია, რომ არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი. არსად არ წერია, რომ ეს მამუკა მდინარაძემ გააკეთა ან ა.შ. ტექნიკურად ეს მოქმედება შეასრულა იუსტიციის სახლმა. პასპორტი გაუქმდა იქამდე, სანამ ბრალს ოფიციალურად წარუდგენდნენ. ცოლი მიემგზავრებოდა, რათა წაეღო პასპორტი. საქართველოს საზღვარზე არ გაუშვეს და აღნიშნული პასპორტი შეიძლებოდა გაეგზავნათ სხვა საშუალებით, მაგალითად ფოსტით. ამ პასპორტის ვალიდურობაა შეჩერებული“,- განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ცნობისთვის, კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს, ამავე კომპანიის დირექტორს, ვალერიან კვარაცხელიას და კიდევ 4 პირს – იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძე და ირაკლი გალოგრეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.