ბოლო რამდენიმე კვირაა, ტოკიოში ისე ცხელა, დღისით ქუჩაში ვერ გახვალ. დღეს ღრუბლიანი, შედარებით გრილი დილა გათენდა და “დემბე” და “ქლოე” სასწრაფოდ გავიყვანე სასეირნოდო – ინტერვიუსთვის შეთანხმებულ დროზე მცირედით გადაცილებისთვის მომიბოდიშა ლევან გორგაძემ – “ტოჩინოშინმა”. “დემბე” და “ქლოე” მგლები არიან. მესამე წელიწადია, ტოკიოში ცხოვრობენ კაცთან, რომელიც თვითონაც “მგელი” იყო დოჰიოზე, 1400-ზე მეტი (!) ორთაბრძოლა გაუმართავს, “იმპერატორის თასიც” მოუგია და ლეგენდარული “იოკოძუნა” “ჰაკუჰოს” დამარცხებითაც შეუძლია თავის მოწონება. ქრონიკულმა ტრავმებმა კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მისცა. მომავალი წლის 4 თებერვალს, “დანპაცუ-შიკის” სევდიან ცერემონიალზე, ლევანი
ოფიციალურად დაემშვიდობება სუმოტორის ვარცხნილობას და მასთან ერთად – პროფესიულ სუმოსაც… სამი თვის წინ, მეორე შვილის – ხარებას მამა გახდა და ახალ ცხოვრებას მასთან ერთად იწყებს.
კარიერის დასრულების შემდეგ, “ტოჩინოშინს” ინტერვიუ არავისთვის მიუცია. “კვირის პალიტრა” პირველია:
– “ყოფილი სუმოტორი “ტოჩინოშინი” – სწორი ფორმულირებაა? მოჭიდავეებს კარიერის დასრულების შემდეგაც “შიკონათი” (საბრძოლო სახელი) მოიხსენიებენ?
– დიახ, რაც წლების განმავლობაში ესმოდათ, აქაურები იმ სახელებს არიან მიჩვეული და იაპონელებისთვის სუმოდან წასვლის შემდეგაც “ტოჩინოშინი”, “გაგამარუ”, “კოკაი” ვართ… თუმცა “ბოლომდე” ჯერ არსად წავსულვარ, პერიოდულად, ისევ მივდივარ დარბაზში და ასე გაგრძელდება მომავალი წლის თებერვლამდე, როცა ჩემი “დანპაცუ-შიკი” (ცერემონიალი, რომლის დროსაც სუმოისტს თმას ჭრიან და ამ სიმბოლური ქმედებით ოფიციალურად ასრულებენ მის კარიერას. – რ.შ.) გაიმართება. ჩემს თანაკლუბელ ბიჭებთან ვვარჯიშობ ხოლმე. ამით, მათაც ვეხმარები, კლუბსაც და წონის დაკლებასაც ვცდილობ. თანდათანობით, ვეჩვევი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, ვვარჯიშობ, სუმოტორის ვარცხნილობას ვატარებ და გულის სიღრმეში, თავი ისევ მოქმედი სპორტსმენი მგონია… რაც შეეხება სპორტის თანმდევ სტრესს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაძაბულობა აღარ მაწუხებს და ამ თვალსაზრისით, თავს უკეთ ვგრძნობ. რადგან ყოველდღიური ვარჯიში, მძიმეწონიანი მეტოქეების დაჯახებები მოაკლდა, ორგანიზმმაც დაისვენა და ფსიქიკამაც. ზედმეტ წონას დავიკლებ, გაცილების ცერემონიალსაც გადავაგორებ და მერე, ალბათ, ოპერაციისთვისაც მოვიცლი. მეგონა, კარიერის დასრულების შემდეგ მაინც მექნება მეტი თავისუფალი დრო-მეთქი. თურმე, პირიქით არის – რაც აღარ ვჭიდაობ, დრო საერთოდ აღარ მაქვს…
– ხუთი წლის წინ, როცა “იმპერატორის თასი” აღმართე და “ოძეკის” წოდებაც დაიმსახურე, კარიერის დასრულება, ალბათ, ძალიან შორეულ პერსპექტივად მოჩანდა, მაგრამ მუხლის ქრონიკულ ტრავმას მხრის დაზიანებაც დაემატა…
– სანამ ჩემპიონი გავხდებოდი, ჯერ კიდევ მანამდე გადავწყვიტე, რომ მინიმუმ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადამდე დავრჩებოდი სუმოში. ტრავმებმა გამაწამა, მაგრამ როცა მთელი ცხოვრება სპორტში ხარ, ძნელია წასვლა, იმის დათმობა, რასაც 17 წლის განმავლობაში ყოველდღე აკეთებდი. რაც არის, არის, ამ ერთ ბაშოსაც გადავაგორებ-მეთქი, მერე – კიდევ ერთს, ერთს და… ამასობაში, კი გავიდა სამი წელიწადი. არადა, მხრის მძიმე დაზიანება რომ არა, ალბათ, ჯერაც მოქმედი სპორტსმენი ვიქნებოდი.
– ვიცი, რომ დარჩენა კლუბის პრეზიდენტმაც ბევრჯერ გთხოვა…
– როცა ჯურიოში (რანგით მეორე დივიზიონი სუმოში. – რ.შ.) დავქვეითდი, წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა მთხოვა – ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო. დღემდე, ამიტომაც მივდივარ ხოლმე კლუბში, ვცდილობ, თანაკლუბელებს დავეხმარო. ისე კი, მთელი ცხოვრებაა ტრავმებს ვებრძვი და გულის სიღრმეში, ბოლომდე მქონდა იმედი, რომ ამ დაზიანებასაც დავძლევდი, უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებას შევძლებდი. სამწუხაროდ, აღარ გამოვიდა.
განაგრძეთ კითხვა