ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს შვეიცარიაში $220-მილიონიანი კომპენსაციის მისაღებად უჩივლა

საქართველოს ექს-პრემიერმა და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს 200 მილიონი შვეიცარიული ფრანკის, ანუ 220 მილიონი დოლარის კომპენსაციის მისაღებად უჩივლა. საქმე ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის, პატრის ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომელიც ივანიშვილის დაცვის მტკიცებით უშუალოდ შვეიცარიულ იურისდიქციაში 220 მილიონით უნდა ანაზღაურდეს.
ეს საქმე არის ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში მიმდინარე სამართლებრივი პროცესის თანმდევი. აღნიშნულ იურისდიქციებში ივანიშვილს სასამართლომ უკვე მიანიჭა 607 და 743 მილიონი დოლარის კომპენსაციები, რაც Credit Suisse-მა ორივე იურისდიქციაში გაასაჩივრა. შესაბამისად, სხვადასხვა ინსტანციის დონეზე ივანიშვილს უკვე მოგებული აქვს 1,350,000,000 დოლარის კომპენსაცია და მას საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში მიიღებს. აღნიშნულ საქმეებთან ერთად კი მან წამოიწყო დავა შვეიცარიაშიც, კერძოდ კი ჟენევის ოლქში 220 მილიონი დოლარის კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით.
Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, აღნიშნული სარჩელი ივანიშვილის ადვოკატებმა 2023 წლის იანვარში შეიტანეს.