„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს.
თემო წიქვაძე ეხმაურება „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს და აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი აუდიოჩანაწერი “არაავთენტური და დამონტაჟებულია”.
ადვოკატის განცხადებით, „ამგვარი დეზინფორმაციის“ გავრცელების მიზანი, არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა, რაც „ცალსახად მიუთითებს ბრალდებული მხარის პოზიციების სისუსტეზე და საპირისპიროდ, დაზარალებულის პოზიციის სისწორეზე“.
ადვოკატი განცხადებაში საკუთარ პოზიციას განმარტავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მსურს საზოგადოებისთვის განმარტება გავაკეთო ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში 2025 წლის 23 თებერვალს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ბრალდებული ბაჩიაშვილის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილ არაავთენტურ/დამონტაჟებულ აუდიოჩანაწერს და რომელიც, ბრალდებულის განმარტებით, მან შექმნა 2015 წელს, მაშინ, როცა დაზარალებულ ბიძინა ივანიშვილთან მივიდა კრედიტის სათხოვნელად.
სიუჟეტი იყო მიკერძოებული, არაკრიტიკული (ემსახურებოდა მხოლოდ ბრალდებულის ე.წ არგუმენტების უპირობო ჭეშმარიტებად წარმოჩენას) შინაარსს და წარმოადგენდა არაკომპეტენტურ მცდელობას, რომ კრედიტის თხოვნა წარმოჩენილიყო ბრალდებულის მხრიდან ინვესტიციის განხორციელების დასტურად, ხოლო მთავარ არგუმენტად მოყვანილ იქნა ე.წ გერმანული საექსპერტო დასკვნა.
საზოგადოების კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მიზნით, ინფორმაციის მიწოდება მოხდა იმგვარად, რომ სიუჟეტის ავტორებმა ექსკლუზიურად მოიპოვეს აუდიოჩანაწერი (რაც სასაცილოა, ჩანაწერების განმახორციელებელ პირს წესით აღარ უნდა ერიდებოდეს იმის პირდაპირ აღიარება, რომ ტელევიზიასაც გაუზიარა მისი შემოქმედების ნაყოფი) და მასში ასახული შინაარსი თითქოსდა შეიცავდა აქამდე უცნობ და სენსაციურ ფაქტებს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ დამონტაჟებული ჩანაწერიც კი, სიუჟეტში არასრულად, ავტორების აზრით (რადგან გაშვებული მონაკვეთებიც კი მიუთითებს დაცვის მხარის უსუსურ პოზიციაზე) ბრალდებულისათვის მისაღებ კონტექსტში გაშუქდა. ვფიქრობ, ,,ექსკლუზიური“ (სინამდვილეში, აღნიშნული ჩანაწერი დიდი ხანია უკვე, რაც ერთვის საქმეს და მხარეებისთვის ცნობილია) აუდიოჩანაწერის დანაწევრებული სახით გაშვება უტყუარად ადასტურებს მის უვარგისობას ბრალდებულისათვის სასარგებლო დასკვნების გამოტანის თვალსაზრისით.
,,გერმანული დასკვნა“ თავისი არსით წარმოადგენს ძალიან სუსტ ე.წ მტკიცებულებას დაცვის მხარისათვის. თავისი შინაარსით იგი არ არის კატეგორიული და შესაბამისად, ,,ქართული დასკვნის“ (იგულისხმება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა) საპირწონედ ვერ გამოდგება.
უფრო ნათელი რომ გახდეს საზოგადოებისთვის თუ რა იგულისხმება, აქვე წარმოგიდგენთ ამ დოკუმენტის ,,შეჯამებიდან“ რამდენიმე ამონარიდს: 1) ,,…სპექტრული ანალიზის შედეგად, აუდიოფაილში… გამოვლინდა რამდენიმე მონაკვეთი, რომელიც შესაძლო რედაქტირებაზე მიუთითებს; … ეს პაუზა საჭიროებს კომუნიკაციის შინაარსობრივი (ანუ ლინგვისტური ანალიზი, რაც არ განხორციელებულა იმ მარტივი გარემოების გამო, რომ გერმანელმა ექსპერტმა არ იცის ქართული ენა) ანალიზის დამატებით შესწავლას, რათა აუდიოჩანაწერის შესაძლო რედაქტირება საბოლოოდ გამოირიცხოს…“; 2) ,,…არ არსებობს პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ ეს დრო (იგულისხმება აუდიოფაილის შექმნის დრო) აღნიშნავს საქართველოს დროის ზონას, რადგან შესაბამისი ჩაწერის მოწყობილობა კვლევის ობიექტს არ წარმოადგენდა. გარდა ამისა, არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი ინფორმაცია მოწყობილობის ტიპისა და მისი დროის პარამეტრების შესახებ, რაც ზუსტი დროის დადასტურებას შეუძლებელს ხდის“; 3),,…ზოგიერთ მონაკვეთში (აუდიოჩანაწერში) მესამე პირის არსებობა გამორიცხული არ არის… დამატებითი ანალიზი და კომუნიკაციის შინაარსის (ანუ ლინგვისტური ანალიზი, რაც არ განხორციელებულა იმ მარტივი გარემოების გამო, რომ გერმანელმა ექსპერტმა არ იცის ქართული ენა) განხილვა საჭიროა ზუსტი დასკვნის გასაკეთებლად“.
შესაბამისად, ,,გერმანული დასკვნის“ ანალიზიდან დასტურდება შემდეგი: ა) დასკვნა უტყუარად ვერ ადგენს, რომ აუდიოფაილი არ არის რედაქტირებული/დამონტაჟებული, უფრო საპირისპირო იკვეთება, ვინაიდან დასკვნა შეიცავს რედაქტირების/მონტაჟის არსებობის დაშვებას!; ბ) ყველა განმარტება დამონტაჟებული აუდიოჩანაწერის ზუსტი დროის თითქოსდა დადგენილად მიჩნევის შესახებ არის სიცრუე, რადგან აუდიოფაილის შექმნის ზუსტი დროის დადასტურება შეუძლებელია! 3) ზუსტად ვერ დგინდება რამდენი მონაწილის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი აუდიოჩანაწერში! ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მსჯელობა იმაზე (საკითხის კვლევა), აუდიოჩანაწერში ისმის თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის ხმები, არარელევანტურია და მოკლებულია გონივრულობას, რაც მიუთითა კიდეც ექსპერტმა ,,ქართულ დასკვნაში“. სამწუხაროდ, ასეთ დასკვნაზე დაყრდნობით, იყო მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მე, როგორც დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, არაერთხელ განვაცხადე პრესის წინაშე, რომ აუდიოჩანაწერი, თუნდაც დამონტაჟებული შინაარსით, ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კრედიტის მიმღები არ იყო ბრალდებული, კრედიტის გაცემა მოხდა ტექნიკურ კომპანიაზე/ნომინალურ მსესხებელზე და ბრალდებული არ ყოფილა ინვესტორი ბიტკოინების მაინინგის მიზნით ბანკი ქართუდან კრედიტის სახით გაცემული ინვესტიციის ნაწილში. კერძოდ, არაავთენტური/დამონტაჟებული აუდიოჩანაწერიდანაც კი ვლინდება შემდეგი:
1) ბაჩიაშვილს კრედიტი არ აქვს დამტკიცებული; 2) ბაჩიაშვილს უარს ეუბნება ბანკი კრედიტის გაცემაზე, მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ უნდა განხილულიყო მისთვის არაუზრუნველყოფილი კრედიტის გაცემა, უკიდურესად სარისკო საქმიანობისათვის; 3) ბიძინა ივანიშვილისათვის მიუღებელია, რომ ბანკის ადმინისტრატორს უბრძანოს სხვა პირისათვის კრედიტის გაცემა; 4) არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ბანკი ქართუს აქციონერი/ბენეფიციარი მესაკუთრე გარანტად დასდგომოდა მესამე პირს (ანუ მოეხდინა ქართუ ბანკში სხვა პირის კრედიტის უზრუნველყოფა, საკუთარი ან მისი ოჯახის წევრის გარდა). იმ პირობებში, რომ საქმეში არსებული პირდაპირი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კრედიტის უზრუნველყოფა ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა პირადი ფულადი სახსრებით, აუდიოჩანაწერში ასახული მისი ეს განმარტება პირდაპირ გამორიცხავს, რომ ბაჩიაშვილი იყო ინვესტორი ბანკი ქართუდან გაცემული თანხების ნაწილში; 5) ბაჩიაშვილს უკვე გადახდილი აქვს გარკვეული თანხა ბიტკოინების მაინინგის (გამომუშავების) კონტრაქტში, მაშინ როდესაც არ აქვს თანხმობა კრედიტის მიღებაზე; 6) მაინინგის კონტრაქტში თანხის ნაწილის გადახდაზე აქცენტის გაკეთებით, ბაჩიაშვილი ცდილობს ბიძინა ივანიშვილისაგან უპირობო თანხმობის მიღებას კრედიტის მისთვის გაცემაზე, აწოდებს მას მცდარ ინფორმაციას, თითქოსდა ბიტკოინების მაინინგში ფულის ინვესტირება იგივეა, რაც მყარი ფასიანი ქაღალდის შეძენა, ხოლო მისი პირადი თანხებით წილობრივი მონაწილეობა წარმოადგენს ერთგვარ უზრუნველყოფას, რაც ცხადია რომ აბსურდია; 7) ბრალდებულის მცდელობის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი არ აძლევს რაიმე თანხმობას თუ პირობას ბაჩიაშვილს მისთვის კრედიტის გაცემაზე. ,,სესხის გაცემა პრობლემა არ იქნება, თუკი ბანკის დირექტორთან მიხვალ და აუხსნი მას საქმის ვითარებას“, ასეთი დაპირება ბიძინა ივანიშვილს არ გაუცია, არც დამონტაჟებულ ჩანაწერში ისმინება ამგვარი ტექსტი და შესაბამისად, ტყუილია ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ეს პოზიცია (თუ მე ვცრუობ, შეუძლიათ სრული ჩანაწერი მოასმენინონ მათ მაყურებელს); საკითხის ხელახალი გავლის მიზნით, ბიძინა ივანიშვილი ამისამართებს ბაჩიაშვილს ბანკის დირექტორთან.
ფაქტობრივად, ეს არის დამონტაჟებული აუდიოჩანაწერის სრული შინაარსი და წარმოუდგენელია, რომ ობიექტურმა შემფასებელმა ეს შეაფასოს, როგორც ბაჩიაშვილის ინვესტორობის დასტური.
ყველა ზემოაღნიშნული გარემოება ცალსახად იკვეთება დამონტაჟებულ აუდიოჩანაწერშიც კი. საკვირველია, რომ მისმა უფლებადამცველებმა (მეტი დამაჯერებლობისთვის, ხშირად ახსენებს საერთაშორისო იურისტებს) მას ურჩიეს, რომ ამ შინაარსის აუდიოფაილი გამოადგებოდა მისი პოზიციის დასადასტურებლად. ელემენტარული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ მითითებული გარემოებების პირობებში, მისი უპირველესი და მთავარი ტყუილი ბიძინა ივანიშვილის წინაშე იყო ის, რომ საერთოდ მივიდა ამგვარი კრედიტის სათხოვნელად. იგი არა ჩვეულებრივი მოქალაქე, არამედ ფინანსისტი გახლდათ, რომლისთვისაც დღესავით ნათელი იყო, რომ არცერთი ფინანსური ინსტიტუტი არ მოახდენდა მისთვის მსგავსი წამოწყების დაფინანსებას. მიუხედავად ამისა, დამონტაჟებული აუდიოჩანაწერიდან იკვეთება, რომ იგი დაჟინებით ცდილობდა, რომ რამენაირად მიეღო ივანიშვილისგან სიტყვიერი თანხმობა მაინც კრედიტის გაცემაზე (როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, მისი დანაშაულებრივი მიზნების სრულყოფილად რეალიზების მიზნით).
მის ლოგიკას რომ გავყვეთ, თუკი ,,საქმე გამოვიდოდა“ მადლობას მოიხდიდა, თუ არადა შესაძლოა ბოდიში მოეხადა არაგონივრული პროექტისთვის და ამით ამოიწურებოდა მისი პასუხისმგებლობა (რაც აბსურდია და დაუჯერებელი ისტორია თავისი არსით). ამოიწურებოდა იმიტომ, რომ როგორ არაერთხელ განვმარტე, იგი არ მონაწილეობდა არც სესხის ამღები კომპანიის სტრუქტურაში (მხოლოდ 2017 წელს გამოჩნდა, კრედიტის დაფარვიდან ერთი წლის შემდეგ), არც ინვესტიციისთვის საჭირო ფული მოუტანია, არც უზრუნველყოფა წარმოუდგენია კრედიტზე და არც არანაირი რისკები არ აუღია საკუთარ თავზე დეფოლტის (საქმის ჩავარდნის) შემთხვევაში. თუმცა, მისი თხოვნა კრედიტის მიღებაზე დარჩა თხოვნად და საბოლოოდ, მოვლენები განვითარდა სწორედ ისე, როგორც ეს ჩემი და ჩემი მარწმუნებლის შესაბამის განცხადებებში იქნა ასახული. საქმეში არსებული ყველა პირდაპირი მტკიცებულება სწორედ ამ გარემოებას ადასტურებს.
სწორედ ამიტომ, დაზარალებულის დაკითხვის დროს, ბრალდებულმა/დაცვის მხარემ მისი პოზიციისათვის საჭირო რაიმე არსებითი, მნიშვნელოვანი კითხვების დასმაც კი ვერ შეძლო და დაანონსებული 4-5 საათიანი დაკითხვის პროცედურის ნაცვლად, რამოდენიმე წუთში ბრალდებულმა სხდომის დარბაზი დატოვა (საინტერესოა, ოდესმე მოახდენს თუ არა ბრალდებული დაზარალებულის დაკითხვის ჩანაწერის საჯაროდ და სრულად გამოქვეყნებას-ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით). დღეს კი, თავის მართლებას და მისი პოზიციის სისუსტის კომპენსირებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით ცდილობს.
კიდევ ერთხელ, მოკლედ შევეხები იმ ბრალდებას, რაც გაჟღერდა სიუჟეტში, რომ თითქოს ჩემი მარწმუნებლის პირველი (ისევე როგორც ჩემი თავდაპირველი მიმართვა საგამოძიებო ორგანოსადმი) და მეორე ჩვენება ერთმანეთის საწინააღმდეგო მსჯელობებს შეიცავს.
საგამოძიებო ორგანოსადმი ჩემს პირველად მიმართვაში, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილის პირველ ჩვენებაში დაფიქსირებულია მოცემულობა, როგორც რეალურად განვითარდა მოვლენები ანუ ის, რომ კრედიტის სახით ინვესტიცია გასცა ბიძინა ივანიშვილმა (მას შემდეგ რაც კრედიტის მიღებაზე ბაჩიაშვილმა არ მიიღო თანხმობა). მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილმა ეჭვქვეშ დააყენა ეს რეალობა და აუდიოჩანაწერით შეეცადა ემტკიცებინა, რომ ის არის ინვესტორი, ცხადია, ბიძინა ივანიშვილის მეორე ჩვენებაში დაზუსტდა შესაბამისი გარემოებები, წარდგენილ იქნა პოზიცია ჩანაწერში ასახულ ინფორმაციასთან დაკავშირებით (მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერის შესაძლო არაავთენტურობის შესახებ პოზიცია თავიდანვე გამოვხატეთ). აღნიშნულში რაიმე განსაკუთრებული და სენსაციური არ არის და ნებისმიერი სამართლებრივი დავისთვის დამახასიათებელი მოვლენაა, როდესაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე თუ პოზიციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებ.
სინამდვილეში, როგორც ამას ამდენი ხანია განვმარტავ, საკითხი ძალიან მარტივად დგას და კიდევ ერთხელ განვმეორდები. საკრედიტო კომიტეტმა კრედიტის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო კომპანია MISSION GATE-ზე და არა გიორგი ბაჩიაშვილზე. ჩვენ თავიდანვე, პირველივე განცხადებაში განვმარტეთ, რომ ამ ტექნიკური კომპანიის, ნომინალური მსესხებლის ,,მოტანა“ დაევალა გიორგი ბაჩიაშვილს. ვფიქრობ, საზოგადოებას არ გაუკვირდება, რომ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი არ იყო ჩართული ტექნიკური ტრანზაქციების განხორციელებაში და ბაჩიაშვილს ებარა პროცესის მენეჯმენტი.
MISSION GATE-ი რომ ნომინალური მსესხებელი იყო დასტურდება შესაბამისი პირდაპირი მტკიცებულებებით: ა) ეს იყო ახალი, ოფშორში დაფუძნებული კომპანია, რომელსაც არ გააჩნდა ბიზნეს საქმიანობის გამოცდილება და რაიმე ქონება (ფულადი სახსრების თუ უძრავ/მოძრავი ქონების სახით). აღნიშნული დასტურდება, კრედიტის გაცემისას, ბანკში წარდგენილი კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით, საკრედიტო საქმის მასალებით; ბ) ამ კომპანიის სტრუქტურაში არც ბიძინა ივანიშვილი და არც გიორგი ბაჩიაშვილი არ მონაწილეობდნენ. აღნიშნული დასტურდება, კრედიტის გაცემისას, ბანკში წარდგენილი კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით, საკრედიტო საქმის მასალებით (საგულისხმოა, რომ ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია ბაჩიაშვილს მასთან მიმართებაში, ხოლო ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში დაუშვებლად წარმოაჩენს); გ) კრედიტი თავდაპირველად გაიცა არაუზრუნველყოფილი (საბლანკო) სახით, ხოლო შემდეგ მისი სრულად უზრუნველყოფა განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ფულადი სახსრებით. აღნიშნული დასტურდება შესაბამისი ფულადი სახსრების გირავნობის ხელშეკრულებით, ბანკ ქართუში და ეროვნულ ბანკში დაცული შესაბამისი პერიოდის დოკუმენტაციით/მიმოწერით (ფაქტია, რომ ეს არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ და დადასტურებულიც აქვთ ეს გარემოება); დ) კრედიტის გაცემა განხორციელდა უკიდურესად სარისკო სფეროში ინვესტიციის განხორციელების მიზნით. განსაკუთრებით მომეტებული რისკების არსებობა ამგვარ სფეროში (კრიპტოვალუტის შეძენა თუ მისი მაინინგი) საყოველთაოდ ცნობილია, დასტურდება როგორც ეროვნული ბანკის შეფასებით, ასევე თავად ბრალდებულის განმარტებებით, როდესაც მან საჯაროდ გააკეთა არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არავინ ეთანხმებოდა და ,,მიყვებოდა“ მას მისი ბიზნეს იდეის დაფინანსებაზე; ე) კრედიტი გაიცა საბაზრო პროცენტით და ამავდროულად, არავითარი მოგება არ იყო ხელშეკრულებით ბანკისთვის გათვალისწინებული; ვ) თავად ბაჩიაშვილმაც სესხის სახით მისცა MISSION GATE-ს მისი წილის შესაბამისი საინვესტიციო თანხა, როგორც გარეშე ფიზიკურმა პირმა და არა პარტნიორმა/ბენეფიციარმა მესაკუთრემ; ზ) იმ შემთხვევაში, თუკი დადგებოდა დეფოლტი (საქმე ,,ჩავარდებოდა“), კრედიტის დაფარვის ერთადერთი წყარო იყო ბიძინა ივანიშვილის დაგირავებული დეპოზიტი (ფულადი სახსრები). აღნიშნული დასტურდება როგორც დაზარალებულის კუთვნილი ფულადი სახსრების დაგირავების ფაქტით, ასევე იმ გარემოებით, რომ ნომინალური მსესხებელი (MISSION GATE-თ) იყო არაფრის მქონე კომპანია, არ გააჩნდა რაიმე ქონება, ისევე როგორც ბაჩიაშვილს, რომელსაც პირადი თავდებობაც კი არ ჰქონდა ნაკისრი ამ კრედიტზე (რაიმე ფორმით მაინც რომ გამოეკვეთა მისი პასუხისმგებლობა).
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მათ შორის ამ მტკიცებულებებზე და ფაქტებზე დაყრდნობით, ეროვნულმა ბანკმა მოახდინა გაცემული კრედიტის რეკლასიფიცირება ინვესტიციად (ინვესტიციასა და კრედიტს შორის არსებითი სხვაობა ხომ ის არის, რომ პირველი ბევრად უფრო რისკიანია, ვიდრე მეორე), ხოლო ინვესტორად კი აღიარებულ იქნა ბიძინა ივანიშვილი. საგულისხმოა ისიც, რომ ეროვნული ბანკიდან შესაბამისი დოკუმენტაცია სისხლის სამართლის საქმეში აისახა მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად ბაჩიაშვილმა მოინდომა საკითხის კვლევა და დასვა კითხვები ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის მხრიდან, კრედიტთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებზე. ეს ფაქტი კი, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ ბაჩიაშვილის მტკიცება ეროვნული ბანკის მხრიდან მის წინააღმდეგ მოქმედებაზე არის მტკნარი სიცრუე და რომ სისხლის სამართლის საქმეს რეგულატორის ქმედებების ამსახველი დოკუმენტაციის გარეშეც არ ,,უჭირდა“ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების თვალსაზრისით. დღეს რომ უკმაყოფილოა ბაჩიაშვილი ეროვნული ბანკის პოზიციით, ამ პოზიციის სისხლის სამართლის საქმეში ასახვა მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს და არავის სხვას.
აქვე მსურს, ძალიან მოკლედ, შევეხო ბაჩიაშვილის მცდელობებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განმარტებების მიცემის პროცესში, საკითხი წარმოეჩინა იმგვარად, რომ თითქოს მას როგორც მორალურად, ასევე თურმე ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ეკუთვნოდა კრედიტი და მიიღო კიდეც.
ე.წ მორალურ კატეგორიას მიეკუთვნება ორი ცრუ გარემოება, რომ თითქოს ბრალდებულს დაბალი ხელფასი ჰქონდა ფონდში და რისკიან დავალებებს ასრულებდა. ამ ცრუ გარემოებებით ბრალდებული ცდილობს იმის დადასტურებას, რომ მას ეკუთვნოდა კრედიტი მაინც, დაბალი შემოსავლისა და განსაკუთრებული დავალებების შესრულების გამო.
ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილის ხელფასი ფონდში ბანკი ქართუს გენერალური დირექტორის ხელფასს რამდენიმეჯერ აღემატებოდა. უფრო მეტიც, სრულ შესაბამისობაში იყო ტოპ მენეჯერების ყველაზე მაღალ ანაზღაურებასთან, რაც კი არსებობდა იმ პერიოდში ქართულ საფინანსო სექტორში. გარდა ამისა, ცხადია იღებდა დამატებით ანაზღაურებას, ბონუსებს. შესაბამისად, ბრალდებულის აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა.
ტყუილია ისიც, რომ ის თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო და ამავდროულად სარისკო დავალებებს ასრულებდა. ერთის მხრივ, ასეთი დავალებები ბუნებაში არ არსებობდა. მეორეს მხრივ კი, ჩემი მარწმუნებლის განმარტებით, თავად ბაჩიაშვილი ყოველთვის იყო მის პროფესიულ საქმიანობაზე ორიენტირებული, ფრთხილი ადამიანი. ამიტომ სიცრუე და აბსურდია რაღაც საიდუმლო და რისკიან დავალებებზე საუბარი მისი მხრიდან.
მესამე ცრუ გარემოება კი აპელირებას ახდენს თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებულ არაჯანსაღ საბანკო პრაქტიკაზე, როდესაც მისი ახლობლები თუ ნაცნობები განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ, მათ შორის დაკრედიტების პროცესში. აღნიშნულიც წარმოადგენს ტყუილს, რადგან პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებითაც დადასტურდა, რომ დაახლოებით ოც წლიან (თუ მეტი არა) პერიოდში არცერთი ბიზნეს კრედიტი არ არის გაცემული უზრუნველყოფის გარეშე მესამე პირზე და ამავდროულად, შემდგომში უზრუნველყოფილი ჩემი მარწმუნებლის პირადი ქონებით (დამონტაჟებული ჩანაწერის ტექსტშიც ნათლად ვლინდება ეს).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, მიმაჩნია, რომ ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, კვლავ არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება, რაც, ჩემი აზრით, ცალსახად მიუთითებს ბრალდებული მხარის პოზიციების სისუსტეზე და საპირისპიროდ, დაზარალებულის პოზიციის სისწორეზე, რეალობასთან შესაბამისობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
