Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ მომდევნო ოცი წლის განმავლობაში თავისი ქონების 99%-ის ქველმოქმედებაზე დახარჯვას აპირებს.
- “როდესაც მოვკვდები, ჩემზე ბევრ რამეს იტყვიან, მაგრამ მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ისე გავაკეთო, რომ არ თქვან “ის მდიდარი მოკვდა”, – დაწერა ბილ გეიტსმა თავის ვებგვერდზე და მაგალითად ამერიკელი მაგნატისა და ფილანთროპის, ენდრიუ კარნეგის სიტყვები მოიყვანა, მდიდარი ვინც კვდება, სირცხვილით კვდება.
ამჟამინდელი მდგომარეობით, თუ გეიტსი თავისი ფულის 99%-ს გასცემს, ის მაინც მილიარდერად დარჩება. თავისი გადაწყვეტილების შესახებ ტექსტში მან გრაფიკი ჩასვა, რომლის მიხედვითაც მისი ქონება ამჟამად 108 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
გეიტსების ფონდი (ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი) დიდი ხანია აფინანსებს პროექტებს ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში, მაგრამ ახლა, როგორც Microsoft-ის დამფუძნებელმა განმარტა, მან გადაწყვიტა ხარჯების დაჩქარება: თუ აქამდე ის და მისი მეუღლე გეგმავდნენ, რომ ფონდი მათი გარდაცვალებიდან ათობით წლის განმავლობაში იმუშავებდა, ახლა გადაწყვიტა, რომ ფონდი თანხას სრულად გასცემს და 2045 წელს დაიხურება.
გეიტსის გათვლებით, 20 წლის განმავლობაში მისი ფონდი დაახლოებით 200 მილიარდ დოლარს დახარჯავს – საბოლოო თანხა ბაზრის მდგომარეობასა და ინფლაციაზე იქნება დამოკიდებული. 25 წლის არსებობის განმავლობაში გეიტსების ფონდმა უკვე გამოყო 100 მილიარდი ჯანდაცვისა და განვითარებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში.
- მომდევნო ოცი წლის განმავლობაში ფონდი, როგორც გეიტსმა დაწერა, სამ მთავარ მიზანს დაისახავს: დაამარცხოს დაავადებები, რომლებიც პრევენციას ექვემდებარება, მაგრამ ჯერ კიდევ კლავს დედებსა და ბავშვებს, დაამარცხოს ინფექციური დაავადებები, მათ შორის მალარია და წითელა, ასევე გაათავისუფლოს სიღარიბისგან ასობით მილიონი ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში.
კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ეს გადაწყვეტილება, ხუთშაბათს BBC-სთან ინტერვიუში გეიტსმა თქვა, რომ ოცი წლის შემდეგ მსოფლიოში სხვა მდიდარი ადამიანები იქნებიან და ისინი უკეთ გაიგებენ, როგორ დაეხმარონ ადამიანებს პრობლემების გადაჭრაში.
“აქ საქმე გადაუდებლობაშია. ჩვენ შეგვიძლია ბევრად მეტი დავხარჯოთ, თუ მარადიულად არ ვაპირებთ ცხოვრებას და ვიცი, რომ ეს ხარჯები ჩემს ღირებულებებს შეესაბამება“, – თქვა გეიტსმა.
ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა Microsoft 1975 წელს დააარსეს. წელს კომპიუტერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ამ გიგანტს ნახევარი საუკუნე უსრულდება. თავად გეიტსი 2000 წელს კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგა, 2014 წელს კი – დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან, ხოლო 2020 წელს დირექტორთა საბჭო დატოვა.
BBC-სთან ინტერვიუში პლანეტის ყოფილმა უმდიდრესმა ადამიანმა, ბილ გეიტსმა, კვლავ დაადანაშაულა პლანეტის ამჟამინდელი უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, იმაში, რომ ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ბავშვებს კლავს სხვა ქვეყნებისთვის აშშ-ის დახმარების შემცირებით.
„ეს შემცირებები უბრალოდ არ კლავს ბავშვებს, ისინი მილიონობით ბავშვს კლავენ. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისგან ამას არ მოველოდი“, – თქვა გეიტსმა.