“მოვიტყუები, რომ ვთქვა, [მიმდინარე პოლიტიკური პროცესები] ბიზნესზე დადებითად მოქმედებს“, – ასე უპასუხა „ქართული ღვინის ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მშვიდობაძემ უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.
“რა თქმა უნდა, არის ნიჰილისტური განწყობები, რაც წარმოშობს არასტაბილურობის შეგრძნებას“, – ამბობს ბიზნესმენი.
„ქართული ღვინის ჰოლდინგი” რამდენიმე კომპანიას აერთიანებს: „ვაზისუბნის მამული“, ვარძიის ტერასები“ და „როიალ ხვანჭკარა“. კომპანია 80 ჰა-მდე ფართობის ვენახებს ფლობს რაჭაში, კახეთსა და ვარძიაში. „ქართული ღვინის ჰოლდინგი 45-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს და ექსპორტს 20-მდე ქვეყანაში ახორციელებს. მათ შორისაა: ამერიკა, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია გრძელვადიანი გეგმების დასახვას აფერხებს.
„გრძელვადიანი გეგმების გაწერას მნიშვნელობა აღარ აქვს, ამიტომ გადავედით მხოლოდ მოკლევადიან გეგმებზე, რადგან წარმოდგენა არ გვაქვს ორ თვეში რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. ჩვენი [ღვინის] დარგის უმეტესი კომპანიები ასე მოქმედებენ“, – განაცხადა გიორგი მშვიდობაძემ და იქვე დასძინა, რომ შიდა გამოწვევებთან ერთად, ბიზნესისთვის გამოწვევაა გლობალურად მიმდინარე პროცესები.
„მაგალითად, „სატარიფო ომები“ – გაუგებარი სიტუაციაა საბოლოოდ აშშ-ევროპას შორის „სატარიფო ომი“ საბოლოოდ რა სახეს მიიღებს. ეს პროცესი ბიზნესებისთვის გარკვეულ სტრესულ სიტუაციას ქმნის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მთელ მსოფლიოში, რადგან ყოველდღე ელოდები რაღაც ახალ განცხადებას [პოლიტიკური ლიდერებისგან], რაღაც ახალ მოვლენას, რომელიც სტაბილურობის განცდის გამყარებას ნამდვილად არ ეხმარება“, – თქვა ბიზნესმენმა.
“წერტილთან” ინტერვიუში “ქართული ღვინის ჰოლდინგის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ წლის პირველი ხუთი თვის შედეგებზეც ისაუბრა როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივ ბაზარზე ღვინის რეალიზაციის მიმართულებით და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვები გეგმის მიხედვით მიდის, შიდა ბაზარზე კი გამოწვევებია.
