ბიზნესს დროული და ინოვაციური მიდგომები, თანმიმდევრული ნაბიჯები სჭირდება – თანდაშვილი (bm.ge)
ბიზნესს ძალიან აქტუალური, დროული და ინოვაციური მიდგომები სჭირდება და აეროპორტების რეგიონალური განვითარება რომელიმე ქვეყნისთვის know how-ს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელმა, თამუნა თანდაშვილმა BM.GE-სთან თელავის აეროპორტის მშენებლობის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ინიციატივები, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების მშენებლობების თემა პერიოდულად ჟღერდება, რომელიც თანდაშვილის შეფასებით პიარ კამპანიას ჰგავს ხოლმე.
ის დასძენს, რომ საავიაციო მიმართულების განვითარებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2013 წელს მიდიოდა. მათ შორის, გარკვეული ინვესტორებიც იყვნენ დაინტერესებული, რომ კახეთში ავიაცია განევითარებინათ. თუმცა, როგორც თამარ თანდაშვილი ამბობს, იმ დროისათვის ამ საკითხზე საუბარი არარელევანტური იყო.
„თუ ვსაუბრობთ, აქტუალურ პროექტზე, რომელიც 2023 წელს დაინიცირდა, მინდა გითხრათ, რომ ისე როგორც ყველაფერი არის არათანმიმდევრული. თუ ინვესტორებს ვეუბნებით და იდეა გვაქვს, რომ კახეთში გვქონდეს რეგიონალური აეროპორტი, შემდეგ ბიზნესი შესაბამის ქმედებებს იწყებს, თუმცა როგორც კი პრემიერები იცვლებიან, თუ სწორად მახსოვს, ირაკლი ღარიბაშვილის დროს იყო ინიცირებული პროექტი, შემდეგ ახალმა პრემიერმა აღარ ჩათვალა, რომ თემა აქტუალურია და გაჩერდა. ასეთი არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიც ტრანსპორტია, მთლიანად სქემას აზიანებს.
ხანდახან მეჩვენება, რომ პოპულისტურად, პიარ აქციისთვის კეთდება ხოლმე გარკვეული შრომა, რაც შემდეგ ზეგავლენას ბიზნესზე ახდენს. შემდეგ, უკვე პოლიტიკური დღის წესრიგი იცვლება და იცვლება ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების შექმნის იდეაც. მივესალმებით საავიაციო სფეროს წარმომადგენლები ლოკალურად ადგილობრივი, აეროპორტების განვითარებას, მაგრამ ამ განვითარებას თან მომიჯნავე ბიზნესების ჰარმონიზაცია უნდა ახლდეს, რადგან ტურიზმის განვითარება ავიაციასთან ერთად ხდება“, – ამბობს თანდაშვილი.
მისივე ცნობით, გასულ წლებში ამგვარი პროექტების დაანონსება და პრეზენტაციების შექმნა ძალიან ხშირი იყო, თუმცა ამას თან სტაგნაცია მოსდევს და პროექტები თაროზე შემოიდება ხოლმე. თანდაშვილი იმედოვნებს, რომ პროექტი განხორციელდება, რათა ბიზნესის რეგიონისადმი მოლოდინები არ დაუზიანდეს.
ინფორმაციისთვის, თელავის აეროპორტის მშენებლობა, საიდანაც შიდა ფრენები მიმდინარე წლის მაისიდან უნდა შესრულდეს, ჯერ არც დაწყებულა. ეროპორტის მშენებლობის გეგმებზე “ოცნების” ხელისუფლება წლებია საუბრობს, თუმცა გასულ წელს ამაზე საუბარი კიდევ უფრო გააქტიურდა. 2024 წლის ივნისში, “ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტისადმი წარდგენილ ანგარიშში აღნიშნა, რომ თელავის აეროპორტის ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, 2024 წელსვე უნდა დაწყებულიყო და 2025 წელს დასრულებულიყო.
