“ბიზნესს და ინვესტიციებს გაურკვევლობები არ უყვართ” – მარიამ ქოიავა FDI-ზე

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში, BMG-სა და SavvY-ს ერთობლივ რუბრიკაში “ინვესტიციის დროა”, მარიამ ქოიავა საუბრობს და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების FDI-ზე გავლენას აფასებს.
ქოიავა აღნიშნავს, რომ კოვიდის შემდეგ საქართველოში უცხოური ინვესტიციების დინამიკა სტაბილურია, თუმცა 2024 წლის დინამიკის წინასწარი შეფასება, რეგიონში მიმდინარე პროცესების გამო რთულია.
“FDI-ის დინამიკა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოვიდის ფაქტორის გათვალისწინებით, საკმაოდ სტაბილურად მიდის წინ. კოვიდის დროს გვქონდა, ბუნებრივია, ჩავარდნები, ისევე როგორც ბევრ ქვეყანას, თუმცა შემდგომ ჩვენ ვხედავთ, რომ არის ზრდა მოცულობის კუთხითაც, სექტორების მიხედვითაც. ვხედავთ, რომ საკმაოდ აქტიურია ინვესტიციები ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებშიც.
2024 წლის დინამიკის შეფასება რთული იქნება, იქიდან გამომდინარე, რაც ხდება რეგიონში, მსოფლიოში, ქვეყანაში – ცხელ წელს ვეძახით, როდესაც შესაძლებელია, დინამიკა ყოველდღიურად იცვლებოდეს”, – ამბობს მარიამ ქოიავა.
კითხვაზე, რა გავლენას ახდენს გაურკვევლობები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, SavvY-ს მმართველი პარტნიორი განმარტავს, რომ ის ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამაბრკოლებელი მოცემულობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი გრძელვადიან პროექტებზეა.
“ბიზნესს და ინვესტიციებს გაურკვევლობები არ უყვართ, თან ძალიან არ უყვარს – სტაბილურობა და თანმიმდევრულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბევრი ინვესტორისთვის და, შეიძლება, გადამწყვეტიც იყოს. რადგან ბევრ დარგში ინვესტირება არ არის მოკლევადიანი პროცესი, ზოგიერთი სექტორი საკმაოდ მრავალწლიან განვითარებას საჭიროებს.
აქ ხშირად ვიყენებთ McKinsey-ს სტრატეგიულ ჩარჩოს, სადაც არის მოცემული სტრატეგიის 4 დონე ბიზნესისთვის, რომელიც იწყება “საკმარისად ნათელი მომავლით” და სრულდება “სრული გაურკვევლობით.
კონკრეტული პარამეტრებით იზომება, კონკრეტული სექტორი კონკრეტულ ქვეყანაში რომელ ჩარჩოში ხვდება, რადგან გაურკვევლობა, რაც რომელიმე ქვეყანაში ან მსოფლიოშია, ყველა სექტორზე თანაბრად არ მოქმედებს – ზოგზე უფრო მეტად, ზოგზე ნაკლებად. ზოგ სექტორში პირიქით, ახალ შესაძლებლობას აჩენს. მაგრამ მთავარი შედეგი ამ ჩარჩოსი ისაა, რომ იკვეთება ზოგადი ქცევითი კანონზომიერება გაურკვევლობის დროს – არაფერი გააკეთო, გაჩერდი, დაელოდე, დააკვირდი, შეაფასე რისკები და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღე”, – განმარტავს მარიამ ქოიავა.
SavvY-ს მმართველი პარტნიორი იმ სექტორებზეც საუბრობს, სადაც FDI-ის მოცულობები მდგრადია და სტაბილურობას ინარჩუნებს.
“ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით საინტერესო ტენდენცია იკვეთება, რომ ინტერესი, პირველ რიგში, ბუნებრივი რესურსების მიმართ ნარჩუნდება. მაგალითად თუ ნავთობი გვაქვს, გაურკვევლობა ინვესტორთა ინტერესზე გავლენას არ ახდენს, თუმცა საქართველო ამით ვერ დაიკვეხნის.
მეორე მიმართულება არის ისეთი სექტორები, სადაც ღირებულება იქმნება ქვეყანაში და რჩება ქვეყანაშივე – მაგალითად, უძრავი ქონება, ენერგეტიკა, შიდა ვაჭრობაზე ორიენტირებული ინდუსტრიები, საბანკო სექტორი… როგორც წესი, ინტერესი მზარდია. ოღონდ, აქაც, როგორც წესი, ქვეყანაში უკვე არსებული ინვესტორები ინტერესდებიან, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას იწვევს ხოლმე”, – განმარტავს ქოიავა.