ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის ზურაბ ძნელაშვილის აზრით, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის ეფექტიანობა თავად ბიზნესომბუდსმენის ავტორირტეტსა და გავლენაზეა დამოკიდებული.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას, წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის საჭიროებას და ეფექტიანობას შეეხებოდა.
საქმე ის არის, რომ 2022 წლიდან ბიზნესმბუდსმენის პოზიცია უჭირავს ოთარ დანელიას; წინამორბედებისგან განსხვავებით, ის ბიზნესთან ხშირი საჯარო კომუნიკაციით არ გამოირჩევა, რაც ბიზნესომბუდსმენის facebook-გვერდსაც ეტყობა.
– საერთოდ საჭიროა ბიზნესმბუდსმენის ინსტიტუტი და თუ კი, არის თუ არა მისი ეფექტიანობა დამოკიდებული იმაზე, პრემიერთან ბიზნესომბუდსმენის ურთიერთობაზე?
– ვფიქრობ, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის საჭიროება არსებობს – ის არის ხიდი ბიზნესსა და მთავრობას შორის; ბიზნესსა და პრემიერს შორის, ბიზნესს ადა მინისტრს შორის. ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მთავრობის პირველ პირებთან – პრემიერთან თუ მინისტრებთან – მარტივად მიესვლებოდეს. დღეს, სამწუხაროდ, ბიზნესომბუდსმენის ოფისი იმდენად პასიურ რეჟიმშია გადასული, რომ ბიზნესასოციაციები ითავსებენ ამ ფუნქციას. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს თუ სურს, ეფექტიანი კომუნიკაცია ჰქონდეს და ბიზნესის ხმა ესმოდეს, ბიზნესს არ უნდა სჭირდებოდეს, რომ ბიზნესასოციაციები შუაში – ამისთვის შეიქმნა ბიზნესომბუდსმენის ოფისი, რომ ბიზნესის პრობლემები მოისმინოს და მიიტანოს მთავრობასთან და პრემიერთან.
– როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა პასიური ბიზნესომბუდსმენის ოფისი?
– არ ვიცი რატომ გაპასიურდა… ამ ინსტიტუტის ეფექტიანობა დამოკიდებულია თვითონ პიროვნებაზე – ბიზნესომბუდსმენზე, რადგან ინსტიტუციურად ამ ორგანოს აღმასრულებელი ფუნქცია არ აქვს; ის არაა პროკურორი ან მოსამართლე, რომ აღმასრულებელი განკარგულებები გამოსცეს და ვიღაცისთვის სავალდებულო იყოს. ეს არის ბიზნესის ხმა მთავრობასთან და ამიტომაც უფრო ბიზნესომბუდსმენის ავტორირტეტსა და გავლენაზეა დამოკიდებული ამ ინსტიტუტის ეფექტიანობა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/premieri_w_h-zGoCwq-300x169.jpeg)