შსს-ში ადასტურებენ, რომ მას იარაღი რეგისტრირებული ჰქონდა, თუმცა აცხადებენ, რომ არ ჰქონდა ტარების უფლება.
თუკი რამიშვილს სასამართლო ბრალს დაუმტკიცებს იმ მუხლებით, რომელსაც შსს ასახელებს, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დააკავეს.
შსს-ის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, – ეს ბრალდება გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადებას.
დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ბიზნესმენი დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, – როდესაც სხვა ქვეყანაში მიემგზავრებოდა.
„[სამართალდამცველებმა] გამგზავრების ტერმინალში [გიორგი რამიშვილის] ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს“, – აცხადებს შსს.
„დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა“, – წერია განცხადებაში.
სამინისტრო ასევე აზუსტებს, რომ „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“. ეს მუხლები გულისხმობს:
· ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო ან სპორტული იარაღის], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას – ისჯება სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით;
· ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.
58 წლის გიორგი რამიშვილი არის კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ის ასევე არის აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეჯვარე (2018 წლის ქორწინებაში).
გიორგი რამიშვილი გეგმავდა ბათუმში Trump Tower-ის აშენებას, თუმცა გარიგება 2016 წელს ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩაიშალა.
· „სილქნეტმა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებმა 2024 წლის 30 ნოემბერს – ანტისამთავრობო საპროტესტო დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, – განაცხადეს, რომ მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებას.
· „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას“
· „არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, – განაცხადეს კომპანიებმა.
ფორუმი
