ბიზნესმენსა და სამოქალაქო აქტივისტს, იოსებ ბაბაევს ბრალი წაუყენეს

ბიზნესმენსა და სამოქალაქო აქტივისტს, იოსებ ბაბაევს ბრალი წაუყენეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაბაევის ადვოკატმა კახა კალმახელიძემ განუცხადა.
ადვოკატმა და ბიზნესმენმა შიდა ქართლის სამმართველო ცოტა ხნის წინ დატოვეს. როგორც კალმახელიძე განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ჩხრეკისას მისი ავტომანქანიდან ამოღებული ავტომატის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წაუყენეს.
„ბრალი მხოლოდ ავტომატის ნაწილზე წაუყენეს. პირადი ჩხრეკისას პისტოლეტის ქონასაც ედავებოდნენ, მაგრამ ორივე ინსტანციის სასამართლომ პირადი ჩხრეკა არაკანონიერად ცნო, გაყალბებულიაო. ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილით, ავტომატის შეძენა-შენახვა-ტარებაზე წაუყენეს. ჯერჯერობით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არაფერი უთქვამთ, აპირებენ-არ აპირებენ, არ ვიცი. შეუძლიათ, რომ აღკვეთი საერთოდ არ შეუფარდონ, მაგრამ პროკურატურა ალბათ სასამართლოს მიმართავს. ამ საქმეს ლოგიკა არ მიჰყვება.
რა თქმა უნდა, ბრალს არ აღიარებს, ავტომატი „ჩადებულია“, უფლება გვაქვს გამოძიება ვაწარმოოთ, მტკიცებულებები მოვიპოვოთ, რასაც გავაკეთებთ“, – განაცხადა კალმახელიძემ.
ცნობისთვის, ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ბაბაევი 5 ივნისს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
6 ივნისს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ დაკავებული იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები უკანონოდ ცნო. შესაბამისად, ბაბაევი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ლევან დარბაიძის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და იოსებ ბაბაევის ავტომობილის ჩხრეკა პირადი ჩხრეკისგან განსხვავებით კანონიერად ცნო. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ბაბაევს დღეს ბრალი წაუყენეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს