ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოში დააკავეს

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება ედება, დღეს სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მას მანამდე 50 000 ლარის ოდენობის გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა პროკურატურამ დღეს დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა.
პროკურატურის განმარტებით, გირაოს პატიმრობით შეცვლა იმიტომ მოითხოვეს, რომ ბრალდების მხარემ მანამდე გირაოს პირობები დაარღვია. კერძოდ, ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულები სასამართლოში არ ცხადდებოდნენ და ამისთვის მათ საპატიო მიზეზი არ ჰქონიათ.
გარდა ამისა, პროკურატურის არგუმენტი იყო ისიც, რომ მათ ბრალდებულების მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. მათი თქმით, ჩიკვაიძე რამდენიმე დღის წინ სადახლოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
ჩიკვაიძემ ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მაშინაც კი, როდესაც მათ საზღვრის კვეთა არ ეკრძალებოდათ, მან საქმის კიდევ ერთ ბრალდებულს, ირაკლი პაპიაშვილს სთხოვა, რომ საზღვარი არ დაეტოვებინათ. რაც შეეხება მის სადახლოს ტერიტორიაზე ყოფნას, ბიზნესმენის თქმით, ის 6-7 მარტს სტუმრად იმყოფებოდა ოჯახში, სოფელ სართიჭალაში.
“6-7 მარტს სტუმრად ვიმყოფებოდი ოჯახში, სოფელ სართიჭალაში, რათა ბაირამის დღესასწაულის აღსანიშნავად საჩუქარი ჩამეტანა”, – აღნიშნა გიორგი ჩიკვაიძემ.
რაც შეეხება იმავე საქმის მეორე ბრალდებულს, ირაკლი პაპიაშვილს, მისთვის შეფარდებული გირაო, ასევე 50 000 ლარი, ძალაში დარჩა და ის პატიმრობით არ შეუცვლიათ. მოსამართლის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს შესაბამისი არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეიცვალოს პაპიაშვილის აღკვეთის ღონისძიება.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, გიორგი ჩიკვაიძემ მოსამართლეს მიმართა და სთხოვა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის მიმდინარეობის დინამიკას დაჰკვირვებოდა.
“არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაგრამ დააკვირდით პროცესის დინამიკას, რათა ეჭვი არ მქონდეს, თქვენ პროკურატურასთან ალიანსში ხართ”, – თქვა ჩიკვაიძემ.
გიორგი ჩიკვაიძემ გუშინ “ტვ პირველთან” განაცხადა, რომ დღეს, 11 მარტს დააკავებდნენ. ჩიკვაიძის თქმით, ეს არის პასუხის მისი მხრიდან სისტემის სრულ მხილებაზე.
მას შემდეგ რაც “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც პროკურატურა “ბიტკოინების საქმეზე” ედავებოდა, საქართველოდან წავიდა და მას სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 11-წლიანი პატიმრობა, გიორგი ჩიკვაიძე ამბობდა, რომ მასზე ზეწოლა გაიზარდა და უთვალთვალებდნენ. მან გუშინ “ტვ პირველთან” ასევე თქვა, რომ ბოლო დღეებში ათეულობით მანქანა და ადამიანი ამხილა, რომლებიც სუს-ის დავალებით უთვალთვალებდნენ.
სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რომლის დარღვევასაც ჩიკვაიძეს ედავებიან, მითვისებასა და გაფლანგვას ეხება.
ჩიკვაიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და თვლის, რომ მისი, როგორც სისტემის ყოფილი მხარდამჭერის, განსაკუთრებული სიმკაცრით დასჯას ცდილობენ მას შემდეგ, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე უარი თქვა.
პროკურატურა მას ედავება, რომ მოატყუა აჭარელი ბიზნესმენი, რომლისთვისაც იტალიიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა, თუმცა არც იახტა ჩამოუყვანია და არც ფული დაუბრუნებია.