მისი თქმით, სურსათის ფასებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ დაადანაშაულა ბიზნესი, რასაც ბიზნესის მხრიდან შესაბამისი პასუხი უნდა გასცემოდა, თუმცა, ბიზნესი დუმს. ბესიკ დონაძე აღნიშნავს, რომ ამ ფონზე აქვს მოლოდინი, რომ ბიზნესი და „ქართული ოცნება“ გარიგდება, ბიზნესი საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე დაწევს ფასებს, თუმცა, ამ თანხების კომპენსირება შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სახით მოხდება.
„პროპაგანდას უნდა ვუპასუხოთ, პროპაგანდა ვერ იმუშავებს, თუ მას ექნება მეორე მხრიდან მკაცრი და გარკვეული პასუხები. ამ შემთხვევაში ბიზნესისგან, სამწუხაროდ, კობახიძემ ვერ მიიღო პასუხები. კობახიძეს უკვე დალაგებული აქვს, მან ფასებში დაადანაშაულა ბიზნესი. ბიზნესმა უნდა გასცეს პასუხი კობახიძეს, რომ ფასები დაიწევს, თუ დაიწევს გადასახადები. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ კობახიძე ბიზნესთან მართალი ყოფილა. კობახიძემ თქვა, რომ გადასახადებს არ დავწევთ და თქვენ ფასები უნდა დაწიოთო, ახლა ბიზნესი უნდა გამოვიდეს და თქვას, რის ხარჯზე უნდა დაწიოს ფასი, უნდა დაწიოს მოგების ხარჯზე. შემდეგ უკვე ისმის კითხვა, ამ მოგებიდან, რომელიც ბიზნესმენმა დათმო, ქსელში გააიაფა პროდუქცია, შემდეგ ხომ არ გახდება ამ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა სახით დაკომპენსირება.
კიდევ უფრო ნათელი რომ გავხადოთ, გადასახადებს იხდის ხალხი, გადასახადების აკრეფა ხდება ბიზნესიდან. ჩვენ ყოველ დღე რასაც შევიძენთ, ყველაფერში ვიხდით დღგ-ს, იქნება ეს პური, საწვავი თუ სხვა. დღგ-ი არის 18%. ეს თანხები გროვდება ბიზნესში და ბიზნესიდან იღებენ ამ გადასახადებს. გადასახადის გადამხდელები ვართ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ გვეუბნებიან, რომ გადასახადები არ დაიკლებს0. ის 18% ყველა პროდუქტშია, თუ მოაკლებენ 8%-ს მაშინ ბიზნესიც ხომ დააკლებს ფასს, მაგრამ როდესაც კობახიძე ამბობს, რომ გადასახადებს არ დავაკლებთო, მაშინ გამოდის, რომ ბიზნესმა საკუთარი მოგების ხარჯზე უნდა დაწიოს გადასახადები. ან მეორე არის, რომ სახელმწიფომ დაიწყოს სუბსიდირება პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და ამის მეშვეობით მოხდეს თანხის დაწევა, მაგრამ ეს სუბსიდირებაც ისევ ჩვენი ხარჯით ხდება. ყურძნის სუბსიდირება რომ არის, მეც და თქვენც ამ ყურძენს ვყიდულობთ, ოღონდ სახლში არ მოგვაქვს.
ხალხი რომ გაჭირვებაშია და პროდუქტებს ვერ ყიდულობს, აბრალებენ ბიზნესს, შესაბამისად, ბიზნესმა პასუხი უნდა გასცეს, რომ ეს ჩემი ბრალი კი არ არის, გადასახადების ბრალია – 18%-ის ნაცვლად დამიწესე 10% ან 8% და შემცირდება ფასები. დისტრიბუტორებს მაგალითად ხარჯი გაეზარდათ და ეს ხარჯი აისახა ფასებში. მათ შეუზღუდეს ქალაქში გადაადგილება გარკვეულ საათებში, რის გამოც, დასჭირდათ მეტი თანამშრომელი, მეტი ავტომობილი და შესაბამისად, გასწიეს მეტი ხარჯი. ასევე მათთვის ძალიან არაკომფორტული გარემოა, როდესაც მაღაზიებში მიაქვთ პროდუქცია, მათ არც საკმარისი საპარკინგე ადგილები აქვთ, აჯარიმებენ და ა.შ. ისეთი ბევრი პრობლემაა, რომ ეს ყველაფერი ხარჯია ამ კომპანიებისთვის, თუ ამ კომპანიებს ხარჯს უზრდი, გამოდის რომ, ეს აისახება პროდუქციის ფასშიც.
ბიზნესი სიჩუმიდან გამომდინარე, მაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ და ბიზნესი გარიგდება, ბიზნესი გარკვეულწილად დათმობს მოგებას, მათი მოგების ხარჯზე დაიწყებენ გარკვეულ ფასების კლებას, მაგრამ საბოლოო ჯამში წაგებაზე არ წავლენ. ისეთ ადამიანებს ეუბნებიან ფასების დაკლებას, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები, „ქართულ ოცნებაში“ რომ ფული მიაქვს ის ადამიანი კობახიძეს რამეში შეეწინააღმდეგება? დახლზე ფასი შემცირდება, იქნება სუს-ის ფასები, გარკვეული ბიზნესი მოგებას მოიკლებს, მაგრამ „ქართული ოცნების“ ბუნებიდან გამომდინარე, ეს თანხები დაუკომპენსირდებათ სხვა მხრიდან“, – განაცხადა ბესიკ დონაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. 24 დეკემბერსვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა.




