“ბიზნესი მხოლოდ ფულის კეთება არ არის… შენ უნდა გჯეროდეს მომავლის” – თამაზ დაუშვილი

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორის თამაზ დაუშვილის აზრით, „ბიზნესი მხოლოდ ფულის კეთება არ არის“.
ასე უპასუხა ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში წამყვანის კითხვას, რომელიც „დიოს“ საინვესტიციო და საექსპორტო გეგმებს შეეხებოდა.
თამაზ დაუშვილი მიმდინარე წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ „დიო“ პროდუქციის ექსპორტისთვის და ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის ემზადებოდა, მაგრამ ახლა ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, გარკვეულწილად ბიზნესგეგმების კორექტირება მოუწია.
„იმის გამო, რომ ვართ წარმოება, მოკლევადიან ინვესტიციებს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ არ ვართ მშენებლობის სექტორი, რომ ვიყიდოთ მიწა, ავაშენოთ და გავყიდოთ ბინები. რა თქმა უნდა, პატარ-პატარა ინვესტიციებს ყოველთვის გავაკეთებთ, რაც ეხება წარმოების გადაიარაღებას, მაგრამ 5-10 წელზე გათვლილ ინვესტიციებს, ჯერჯერობით, ვერ განვახორციელებთ, როცა რისკია, რომ ახალი ქარხანა ავაშენოთ, ინვესტიცია ჩავდოთ და აღმოჩნდეს, რომ ვერ გავთვალეთ რისკები და პრობლემები შეგვექმნას. გვირჩევნია, დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც ინვესტიციებისთვის ყველაზე კარგი ბიზნეს-კლიმატი იქნება“, – განაცხადა თამაზ დაუშვილმა.
ბიზნესმენის აზრით, ახალი ინვესტიციებისთვის ყველაზე მთავარ რისკს არასტაბილური პოლიტიკური ვითარება და საგარეო კურსთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები წარმოადგენს.
„ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, თუ ევროკავშირთან შეიქმნა პრობლემები, შემცირდა ინვესტიციები და ა.შ. ამის გარდა, ბიზნესის კეთებისას არსებობს ემოციური ნაწილი. ადამიანს ყველა გარემოში არ მოგინდება გრანდიოზული გეგმების განხორციელება. გინდა, რომ ისეთ ქვეყანაში აკეთო ბიზნესი, რომელიც ევროპისკენ მიდის, სადაც ადამიანები ბედნიერები არიან და ხვალინდელი დღის იმედი აქვთ. თუ ასეთი გარემო არ შეიქმნა, ბიზნესი მხოლოდ ფულის კეთებისთვის არ არსებობს. შენ უნდა გიხაროდეს, შენ უნდა გჯეროდეს მომავლის და მხოლოდ იმით არ უნდა იყო დაკავებული, რომ ყოველ საღამოს დათვალო, რამდენი ფული მიიღე… მე ასეთი მიდგომა არ მიმაჩნია სწორად და ასე ვერ გავაკეთებ. ასე ფიქრობენ ჩემი პარტნიორებიც“, – ამბობს თამაზ დაუშვილი.
ბიზნესმენის თქმითვე, ქვეყანაში #წერტილი უნდა დაესვას შიშს – „იმედია, შევძლებთ, ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ხვალინდელი დღის არ გვეშინია“.