31 ივლისს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საქმეზე სახელმწიფოსთან დავა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს, იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორი, რუსა ჭკუასელი ეხმიანება. როგორც ის “ანალიტიკას” ეთერში განმარტავს, სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება ბევრ უზუსტობას შეიცავს, საარბიტრაჟო ტრიბუნალს კი მხოლოდ იმის მანდატი ჰქონდა, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ვიწრო ჭრილში განეხილა.
“განცხადება, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა, ბევრ უზუსტობას და შეცდომაში შემყვან ინფორმაცია შეიცავს. ეს დავა იყო ანაკლიის ჰოლანდიელ ინვესტორს, ბობ მეიერსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის და გამომდინარეობდა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებიდან, ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელე იყო ბობ მეიერი და არა მამუკა ხაზარაძე თუ ბადრი ჯაფარიძე, როგორც ამას განცხადებიდან ვკითხულობთ. გარდა ამისა, განცხადება შეიცავს ძალიან ბევრ უზუსტობას თვითონ გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით, ვითომდა გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პორტის განუხორციელებლობა იყო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალი.
ამ ტრიბუნალის მანდატი, რომელიც განიხილავდა დავას, იყო ძალიან ვიწრო. ტრიბუნალს უნდა ემსჯელა და გადაეწყვიტა საქართველოს ქმედებები, რაც განხორციელებული იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ხელშეკრულებასთან და მშენებლობასთან დაკავშირებით, რამდენად არღვევდა ინვესტორის დაცვის სტანდარტს, რომელიც დადგენილი არის საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის საერთაშორისო ხელშეკრულებით. ანუ არბიტრაჟი არ შესულა იმის შეფასებაში, ვისი ბრალეულობით არ შედგა პროექტი, ვისი ბრალეულობით ვერ მოხდა დაფინანსების მოპოვება, არამედ ძალიან ვიწრო ჭრილში განიხილა კონკრეტული ქმედებები, რაც ადვოკატების ჯგუფმა ჩავთვალეთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან პროექტის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს კონკრეტული ქმედებები არღვევდა თუ არა საერთაშორისო ინვესტორის დაცვის სტანდარტს, როგორიც არის თანასწორი მოპყრობა, ინვესტიციების დაცვის სტანდარტი, გამჭვირვალობა, ექსპროპრიაციის აკრძალვა და ა.შ. – სწორედ ამ ვიწრო ჭრილში შეაფასა. დარღვევა არ გამოვლინდა”, – განმარტა რუსა ჭკუასელმა.
