ბექა მინდიაშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის სტალინისტური სულისკვეთების თავდასხმა, როგორც “ეკლესიის მტერზე”, მორიგი ანტიდასავლური ისტერიის გარდა, ჩანს, ჩემს წინააღმდეგ მასობრივი სიძულვილის გაღვივებასაც ისახავდა მიზნად

დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!
მადლობა ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გამხნევებისა და თანადგომისთვის!
პარლამენტის თავმჯდომარის სტალინისტური სულისკვეთების თავდასხმა, როგორც “ეკლესიის მტერზე”  (“ხალხის მტერი”), მორიგი ანტიდასავლური ისტერიის გარდა, როგორც ჩანს, ჩემს წინააღმდეგ მასობრივი სიძულვილის გაღვივებასაც ისახავდა მიზნად.
ამ ფონზე თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია! – ამის შესახებ ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“თქვენდამი სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად გიზიარებთ წმ. გრიგოლ ფერაძის ამ შესანიშნავ სიტყვებს მოქალაქეობის შესახებ:

“მოქალაქეობა არის ბრძოლა თავის წრესთან, თავის თავთან. მოქალაქეობა მოითხოვს შეგნებას, პატიოსნებას, ფიქრს, მხნეობას, ჭკუას; მოქალაქეობა მოითხოვს ნათლიან თვალით საგნების დანახვას, წინდახედულებას, აუჩქარებლობას, სიმდაბლეს, რომელიც არაა მონის მაჩვენებელი, არამედ განათლებულ ადამიანის, სხვის აზრის გაგონებას და ადამიანში ადამიანის ძებნას და დაფასებას… მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება. თვისი საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად” – წერს ბექა მინდიაშვილი “ფეისბუკში”.

ცნობისათვის –  “ცინიკური იყო ის ფაქტი, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილია. ადამიანი, რომელიც რელიგიურ შემწყნარებლობის იდეას უნდა ავრცელებდეს, თავად გახდა რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის სულის ჩამდგმელი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.