ბექა ლილუაშვილი – კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ვიცინით და ვხალისობთ – სინამდვილეში, „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მინიმუმი აქვს და პანიკაშია

კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ვიცინით და ვხალისობთ – „გორბის“ მათთვის საოცნებო რეიტინგები საპირისპირო რეალობას ასახავს, სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“ თავისი მხარდაჭერის ისტორიული მინიმუმი აქვს და პანიკაშია, – ამის შესახებ პარტიის – „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს „გორბის“ კვლევის შედეგებზე განუცხადა, რის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 60.4%-იანი მხარდაჭერა აქვს.
ლილუაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ცეცხლი უკიდია და ამ ხანძრის, ისტერიული შიშის პირობებში, აბსოლუტურად ყველაფრის საარჩევნო კონტექსტში გამოყენებას ცდილობენ“.
„გამარჯვებულ ხალხს, ნაცვლად იმისა, რომ გამარჯვებით ტკბობის საშუალება მისცენ, ერთმანეთთან აპირისპირებენ – ეს ჰგავს ამ მხარდაჭერის მქონე სახელისუფლებო პარტიის ქმედებას? პირიქით – „გორბის“ მათთვის საოცნებო რეიტინგები საპირისპირო რეალობას ასახავს, სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“ თავისი მხარდაჭერის ისტორიული მინიმუმი აქვს და პანიკაშია. სწორედ ამიტომ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების დაყოფას და საარჩევნო კონტექსტს ემსახურება და არაფერი აქვს საერთო არც ქვეყნის განვითარებასთან და არც ქვეყნის სხვა მნიშვნელოვან წარმატებასთან“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
რაც შეეხება თავისი პარტიის რეიტინგს, ლილუაშვილი ამბობს, რომ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მხარდაჭერა მზარდია.
„ჩვენ გვაქვს იმდენი მხარდაჭერა, ორნიშნა (თან ეს მხარდაჭერა მზარდია), რომელიც აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ბიზნეს პარტნიორი „ნაციონალური მოძრაობა“ მომდევნო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში შეთანხმებულად, კოალიციურად არ მოქმედებდნენ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა; “ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ – 12.6%; “ლელო“ – 4.7%; „ევროპული საქართველო“ – 4.5%; “საქართველოსთვის“ – 3.7%; „გირჩი მეტი თავისუფლება-დროა“ – 3%; „ახალი“ – 1.6%; „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 1,4%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 0.9; „მოქალაქეები“ – 0.6%; „ლეიბორისტული პარტია“ – 0.6%; სხვა და არა-ალოცირებული“ – 6%.