ბექა ლილუაშვილი – ზუგდიდის საკრებულოში „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ცდილობენ, მოქალაქეებს საბოტაჟი მოუწყონ, საკრებულოს თავმჯდომარის, ჩვენი პარტიის წევრის იმპიჩმენტის ერთად გამოცხადებით

ზუგდიდის საკრებულოში „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ცდილობენ, ზუგდიდის მოქალაქეებს საბოტაჟი მოუწყონ, საკრებულოს თავმჯდომარის, ჩვენი პარტიის წევრის იმპიჩმენტის ერთად გამოცხადებით – ეს არის კიდევ ერთი ფარული შეთანხმება ჩვენი და მოქალაქეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციას ერთმანეთსაც შეუკრავენ და ამიტომ ორივე 50%-ს ქვემოთ უნდა დარჩეს.
გარდა ამისა, მან ბრიფინგზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდის მიერ წარდგენილი კანონპროექტები რუსული გავლენების გამოაშკარავებას და რეალური მტრის აგენტების პასუხისგებაში მიცემას ახდენს და ასევე, გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს, „თუმცა როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნის რეალურ მტრებს უფრთხილდება, ხოლო მეგობრებს გვამტერებს“.
როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, საზოგადოება ამ დაპირისპირების გაღვივებას ივანიშვილს არ აპატიებს და ისეთივე განაჩენს გამოუტანს არჩევნებზე, როგორც სააკაშვილს გამოუტანა.
„დღეს ჩვენ გვინდა ორ საკითხზე გავაკეთოთ განცხადება, ერთი შეეხება „ნაცების“ და „ქოცების“ მორიგ ფარულ შეთანხმებას, მეორე კი „რუსული კანონის“ თავიდან აცილების შესაძლებლობას.
გუშინ საზოგადოებამ ნათლად დაინახა, თავის დროზე ბელადი სააკაშვილის, ახლა კი ბელადი ივანიშვილის პრომომუშაკის კალაძის სამარცხვინო საქციელი, რომ ყველაფერი დაიყვანოს „ნაცობამდე“ და „ქოცობამდე“. ივანიშვილის სურვილი და მიზანი ეს არის, რომ მოქალაქეებს ააკრას იარლიყები და ამით ერთმანეთთან დააპირისპიროს.
ამის პარალელურად კი, ამ წამს ზუგდიდის საკრებულოში „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ცდილობენ მოუწყონ საბოტაჟი ზუგდიდის მოქალაქეებს – საკრებულოს თავმჯდომარის, ჩვენი პარტიის წევრის იმპიჩმენტის ერთად გამოცხადებით. ეს არის კიდევ ერთი ფარული შეთანხმება ჩვენი და მოქალაქეების წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ოცნებამ“ ერთად აირჩიეს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ერთად აკეთებდნენ კორუფციულ ფულს ქოლცენტრებში და ერთად არ დაუჭირეს მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისინი ერთმანეთსაც შეუკრავენ კოალიციას – ამიტომ უნდა დარჩნენ ორივე 50%-ს ქვემოთ.
რაც შეეხება „რუსულ კანონს“, ჩვენს გუნდს წარდგენილი აქვს ალტერნატიული კანონების პაკეტი. ჩვენი ალტერნატივა ახდენს რუსული გავლენების გამოაშკარავებას და რეალური მტრის აგენტების პასუხისგებაში მიცემას, ხოლო თუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, როგორც დღეს ევროკავშირის ელჩმა განაცხადა „ეს არ უნდა განხორციელდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამუშაოს შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ასრულებენ.“ რასაც ასევე უზრუნველყოფს სწორედ ჩვენი ალტერნატივა, მაგრამ, როგორც ჩანს „ოცნება“ ამ ქვეყნის რეალურ მტრებს უფრთხილდება, ხოლო მეგობრებს გვამტერებს. ამით, კლავს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას და აპირისპირებს მოქალაქეებს. საზოგადოება კი ამ დაპირისპირების გაღვივებას ივანიშვილს არ აპატიებს და ისეთივე განაჩენს გამოუტანს არჩევნებზე, როგორც სააკაშვილს გამოუტანა. არჩევნებამდე 7 თვეზე ნაკლები დარჩა!,“ – განაცხადა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც