ბექა ლილუაშვილი განმარტავს, რატომ არ მოაწერა პარტიამ „საქართველოსთვის“ „ქართულ ქარტიას“ ხელი

გაუგებარია, როცა ერთი მხრივ ამბობ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია და აუცილებელია ხალხის მაქსიმალური მობილიზება და მეორე მხრივ, ამბობ, რომ ამ მობილიზების ფასი მხოლოდ ერთი წელიწადია , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრიდან ერთ წელიწადში რიგგარეშე არჩევნები სთვის კიდევ ერთი შანსის მიცემაა.
„პრეზიდენტი ქარტიას უყურებს როგორც ევროინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე, ეს მისი სწორი პოზიციაა. ჩვენ მას როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს მხარს ვუჭერთ, რადგან მან ამ მძიმე დროის განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ ძალიან სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია დააფიქსირა.
ნებისმიერ დოკუმენტზე ხელისმოწერა ძალიან მარტივია. მთავარი ამ ხელმოწერით აღებული პასუხისმგებლობების შესრულება. ჩვენ არასოდეს გადაგვიდგამს ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ამომრჩევლებისთვის და მხარდამჭერებისთვის დასაბუთებულად არ აგვხსნია. დღეს ვთქვით, რომ ამ დოკუმენტში არის საკითხები, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მივიღეთ, რომლებსაც ვიზიარებთ, მაგრამ დოკუმენტის მეორე ნაწილი, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს, დროებით მთავრობას უკავშირდება პრაგმატული პოლიტიკის თვალსაზრისით დაცლილია.
გაუგებარია, როცა ერთი მხრივ ამბობ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია და აუცილებელია ხალხის მაქსიმალური მობილიზება და მეორე მხრივ ამბობ, რომ ამ მობილიზების ფასი მხოლოდ ერთი წელიწადია. ერთ წელიწადში რიგგარეშე არჩევნები ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემაა. ასევე, სისტემური რეფორმების განსახორციელებლად ერთ წელიწადი საკმარისი არ არის“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, ქარტიაში საუბარია მხოლოდ ისეთ სცენარზე, სადაც „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებს წააგებს, მაგრამ არ არის ნახსენები, თუ როგორ მივა ქარტია ამ შედეგამდე.
როგორც „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა აღნიშნა, ამჟამად პარია ქარტიის გარკვეულ ნაწილს არ ეთანხმება, თუმცა არჩევნებამდე შეიძლება დოკუმენტში შეიდეს ცვლილებები, რომლის შემდეგაც ყველაფერს დაეთანხმებიან.
„ყველაფრით, რაც ამ ქარტიის დოკუმენტში წერია, ჩვენ ვლაპარაკობთ სცენარზე, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბრის არჩევნები უკვე წააგო, ხოლო აქამდე როგორ მივდივართ, არსადაა ნახსენები. როგორ ვიცავთ ამ არჩევნებს? ჩვენ ღიად გამოვიტანეთ ჩვენი პოზიცია, პირველივე დღეს, როცა სამუშაო გეგმის შესახებ გაჟღერდა. მაშინვე, როცა კონტურები გამოიკვეთა, ჩვენ ვთქვით, რომ რაღაცებს არ ვეთანხმებოდით. არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი და მანამდე შეიძლება დოკუმენტში ისეთი ცვლილებები შევიდეს, რომ ჩვენც ყველაფერს ვეთანხმებოდეთ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.