ბექა კობახიძე: ნურავის დავგმობთ ან გავაღმერთებთ ინდივიდუალურად და ინდივიდები განვსაჯოთ მას შემდეგ რაც ნაკრების წევრობას მოქალაქის ცხოვრებით ჩაანაცვლებენ

“ბუდუ ყველას ძალიან გვიყვარს. კარგი ადამიანია, თავმდაბალი, აქვს ღირებულებები, უმნიშვნელოვანესი გოლები გვაჩუქა, მაგრამ ეს ყველაფერი ბუდუს გამოსარჩლების კამპანიებში მეორადი ფაქტორებია. ჩემი აზრით, ბუდუ პირველ რიგში შევიყვარეთ, როგორც თავისუფლების სიმბოლო იმ გუნდში, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ბუდუს სახელისუფლებო მედიებში დაცენზურება, მისდამი შავი პიარის წარმოება მივიღეთ, და სწორად მივიღეთ, როგორც შეტევა ჩვენს თავისუფლებაზე. სინამდვილეში, ბუდუში საქართველოს და ჩვენს თავისუფლებებს ვიცავდით. ეს ჯანსაღი პროცესია, როდესაც გყავს ხელისუფალი, რომლისგანაც ყველაფრის კადრებას ელი.
მოკლედ რომ ვთქვა, ბუდუს სიყვარულში მეტია კოლექტიური, ვიდრე ინდივიდუალური.
დღეს გავრცელდა კაპიტნის განცხადება. ასეთი განცხადებები იწერება ფედერაციებში, პოლიტიკური კომისრების მიერ. მას დაუდებენ კაპიტანს და აყენებენ დილემის წინაშე. ასე ხდება ავტორიტარულ რეჟიმებში. ხელმოწერაზე უარი ნიშნავს აჯანყებას. არ მოაწერდა კაშია ხელს? აუცილებლად იპოვნიდნენ რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებიც [კაშიასგან განსხვავებით] კამერების წინ იტყოდნენ ამას. კაშიამ გადაწყვიტა არც აქციებზე ეთქვა რამე, ამ განცხადებაზეც მოეწერა ხელი და შეენარჩუნებინა ძმაკაცობა კალაძე-კობიაშვილთან.
ამ შემთხვევაში, ვერ გამოვდგები მის ადვოკატად, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებას მინუსებთან ერთად პლიუსებიც აქვს. კერძოდ, განცხადებაზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში, ნაკრები გაიხლიჩებოდა ქოცებად და ანტიქოცებად; ქოცები თავიანთ პიარკამპანიას არა ამ ერთი წერილობითი განცხადებით, არამედ რამდენიმე ფეხბურთელის სატელევიზიო კომენტარით შემოგვთავაზებდნენ.
მიუხედავად ამისა, მე ვერ ვამართლებ კაშიას საქციელს. მე ასე ვერ მოვიქცეოდი. მჯერა, არც ბუდუ, არც ქოჩორა, არც საბა და არც ბევრი სხვა მოიქცეოდა ასე. განცხადებაში საუბარია ერთიანობაზე: როდესაც მილიარდერი გიხდის ფულს და ამით გაჩუმებს, რომ დაგმო ძალადობა, დაგმო სკენ სვლა, ეს ერთიანობისკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის – უფრო კი პირიქით. ბიძინა იმას ურტყამდა, ვინც ბოლო კაპიკები გადადო და შენს საგულშემატკივროდ ყველაფერი გააკეთა, რომ გერმანიაში ჩამოსულიყო. ბიძინასთვის 30 მილიონი კაპიკებია, ათიათასობით ქართველმა კი ყველაფერი ჩადო თქვენს გულშემატკივრობაში. აქ ბიძინასთვის მადლობების ხდა არ შეიძლება, მან თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ხალხი სცემა, ის საქართველოს თავისუფლების მცველებს მომავალს უსპობს.
არაუშავს, ღამეები გვითენებია კალაძისა და კობიაშვილის გულშემატკივრობაში; ბარე ორი სახელოვანი მოქმედი ქართველი სპორტსმენი ვიცით, ვინც აქედანვე ჩანს, რომ ღრმად ქოცია (არა პარტიულად, არამედ მენტალურად) და გულს დაგვწყვეტს, მაგრამ მაინც ვგულშემატკივრობთ, რადგან ივანიშვილისგან განსხვავებით გვესმის, რომ ეს ერთი ქვეყანა გვაქვს და ყველამ აქ უნდა ვიცხოვროთ. სანამ საქართველოს დროშით და სახელით გამოდიან, მათ გაუმარჯოთ და ვუგულშემატკივროთ!
ამ ევრო 2024-მდე, ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა მალხაზ ასათიანმა – 2002 წელს, რუსეთის კარში. მაშინ იყო მთელი ქვეყანა გარეთ რომ გამოვიდა რუსეთთან მოპოვებული გამარჯვების საზეიმოდ, მაგრამ ახლა მალხაზ ასათიანი ყველაზე პრორუსულ განცხადებებს აკეთებს. იგივე, ზაზა ჯანაშიამ გაუტანა რუსეთის ნაკრებს გოლი, მაგრამ ახლა ზაზა არის “მასკოვსკი გრუზინი”; სოსო პავლიაშვილმა 1989 წელს იურმალაზე “სამშობლო” რომ იმღერა და კონკურსი მოიგო, ეგ იყო საქართველოს დამოუკიდებლობის სიმღერა, რომელმაც ყველა გააერთიანა დიდ სიხარულში, მაგრამ ახლა ვიცით სად არის სოსო და რას აკეთებს.
მაგრამ მათი ახლანდელი საქციელი აუქმებს ასათიანისა და ჯანაშიას გოლებს? 1989 წლის ისტორიულ კონტექსტში ნამღერი “სამშობლო” კარგავს მნიშვნელობას? რასაკვირველია, არა.
ამიტომ, ბოლომდე უნდა შევირგოთ საქართველოს (!) წარმატება ევროპის ჩემპიონატზე. ახლა ვდგავართ ქოცების მიერ დაგებული ხაფანგის წინაშე: მათ სურთ, რომ ჩვენ კაშია გავლანძღოთ, მერე ეს ლანძღვა მთელს ნაკრებზე გაავრცელონ, დაგვაბრალონ, რომ არ გვიხარია ნაკრების წარმატება და გვეძახონ უსამშობლოები.
ნურავის დავგმობთ ან გავაღმერთებთ ინდივიდუალურად და ინდივიდები განვსაჯოთ მას შემდეგ რაც ნაკრების წევრობას მოქალაქის ცხოვრებით ჩაანაცვლებენ.
ნაკრების მხრიდან კოლექტიური საპროტესტო ნაბიჯი გამორიცხულია. პოლიტკომისრებით დაკომპლექტებულ ფედერაციასა და არადემოკრატიულ რეჟიმებში ეს ვერ ხდება. ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, მივცეთ ცალკეულ ფეხბურთელებს საშუალება, ვისაც რა შეუძლია, თქვას ნოემბრამდე,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი ბექა .