ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა ეპიზოდთან ერთად ედავებიან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლას. გუშინ კი ჩვენ ვიხილეთ შუაგულ მელიქიშვილზე, როგორ სასტიკად არბევდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დემონსტრანტებს – პოლიციას არავინ დაუკავებია! ,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მომდინარეობს.
ადვოკატმა, 7 ნოემბრის საქმეზე საუბრისას ასევე ისაუბრა 7-8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ აქციაზე საზოგადოება პოლიციის უმოქმედობას ხედავდა. ასევე, მისივე თქმით, ამ დრომდე არ არიან დაკავებულები ის პირები, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე იძალადეს, მათ შორის ქალებზე.
“ჩემ დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა ეპიზოდთან ერთად ედავებიან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლას. გუშინ, ჩვენ ვიხილეთ შუაგულ მელიქიშვილზე, როგორ სასტიკად არბევდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დემონსტრანტებს, ამ დრომდე პოლიციას არავინ დაუკავებია. ისინი იდენტიფიცირებული არიან, თვითონ, ვინც ძალადობა ჩაიდინეს, არ მალავენ ვინაობას. ამავდროულად, პოლიციის ქმედებებს ვხედავდით, პოლიცია არ რეაგირებდა, არცერთ ძალადობრივ აქტზე პოლიციას [რეაგირება არ ჰქონია], თავში მოხვდათ წყლით სავსე ბოთლი და არაფერს აკეთებდნენ. ანუ, პოლიციელებიც დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. არ ვაკეთებ პოლიტიკურ ჭრილში განცხადებას, ამ ქმედებებს მოჰყვება სინქრონული გაგრძელება, რომ ჩვენ სისტემასთან გვაქვს საქმე….პროკურატურა არის ამ მოძალადე პირების მოკავშირედ ქცეული. შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ გამოძიება დაწყებულია და არსად ფიგურირებს სამოხელეო დანაშაული. მათ ჩვენ ვხედავდით პოლიციის მხრიდან უმოქმედობას, ასევე, ვხედავდით მოცემულობას, რომ მოძალადე ჯგუფი მიუშვეს [აქციის მონაწილეებთან]”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
რაც შეეხება ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს, ის სხდომას არ დასწრებია. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, სააკაშვილმა უარი თქვა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე და დისტანციურად ჩართვაზეც.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
