ბექაური: გახარიასნაირი დიქტატორული მიდრეკილების პოლიტიკური ელემენტები მრავლად შემხვედრიან

კომუნიკაციების კომისიის თავჯდომარე, კახი ბექაური გიორგი გახარიას ეხმაურება და ამბობს, რომ გახარია ცდილობს “მედიის მარეგულირებელ დამოუკიდებელ ორგანოს გადაწყვეტილებაზე შანტაჟითა და მუქარით ზეწოლა მოახდინოს”.

მანამდე, პარტია საქართველოსთვის ლიდერმა კომუნიკაციების კომისია უკანონო ქმედებებში დაადანაშაულა.

“გახარიას მცდელობა აქვს მედიის მარეგულირებელ დამოუკიდებელ ორგანოს გადაწყვეტილებაზე ზეწოლა მოახდინოს მუქარის და შანტაჟის გზით. ეს არ არის ის გზა, რომელიც სასურველ შედეგს მიაღებინებს. გახარიას მსგავსი დიქტატორული მიდრეკილების პოლიტიკური ელემენტები ჩემს ცხოვრებაში მრავლად შემხვედრიან, მათ შორის წინა ხელისუფლებაშიც. გახარია არც პირველია და არც უკანასკნელი. მსგავს მუქარებს ჩემს საქციელზე და გადაწყვეტილებებზე გავლენა არც წარსულში მოუხდენია და ვერც მომავალში მოახდენს” – ამბობს ბექაური.

გიორგი გახარიამ ბექაურს მიმართა და თქვა, რომ მისი პარტიისთვის უფასო სატელევიზიო რეკლამაზე წვდომის არმიცემის უკანონო მცდელობისთვის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული.

“ჩემი საუბრის დღევანდელი თემა გახლავთ ის პროცესი, რომელიც ახლა კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარეობს – პროცესი, რომლის მიზანი გახლავთ, ჩვენს პარტიას უფასო სატელევიზიო რეკლამაზე წვდომა არ მისცეს. სულ რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩვენ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი მოგვანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პარტიას უფასო რეკლამაზე წვდომა უნდა ჰქონდეს. როგორც კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, პროცესში მაშინვე მარეგულირებელი ჩაერთო, რომელმაც ჯარიმის მუქარით, უკანონოდ დააორგანიზა ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომლის მიზანიც არის, რომ ყველა ეროვნულ მაუწყებელს აუკრძალონ ჩვენი უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება ტელესივრცეში.

მინდა, პერსონალურად კახა ბექაურს მივმართო. ძალიან კარგად მესმის, რომ მონური დამოკიდებულება ძალიან მარტივი და სწრაფი გზაა გამდიდრებისკენ, მაგრამ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დამოუკიდებელი უწყებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უნდა ემსახურებოდეს, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში და ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეთ. მინდა, გავაფრთხილო, პირადად მე, გიორგი გახარიამ, რომ პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა და ვერავისთვის უკან გასასვლელი კარი ვერ იქნება”. – თქვა გახარიამ.

წყარო