წელიწადის ამ დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კინემატოგრაფისტები, მსახიობები და ჟურნალისტები გერმანიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალისთვის იკრიბებიან. ბერლინის რიგით 74 -ე საერთაშორისო კინოფორუმის პროგრამა უკვე ცნობილია.
ბერლინის საერთაშორისო ფესტივალს წელს ირლანდიური ბელგიური ფილმი small things like these გახსნის, რომელშიც მთავარ როლს ოქროს გლობუსის ტრიუმფატორი ფილმის “ოპენჰაიმერის” ვარსკვლავი, კილიან მერფი ასრულებს.
ფესტივალის სექცია “პანორამას” წელს ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმი “გზაჯვარედინზე” გახსნის. კინოსურათი 5 ქვეყნის კოპროდუქციაა და პენსიაზე გასული მასწავლებლის ისტორიას აღწერს.
საფესტივალო პროგრამაშია წარმოდგენილი მექსიკელი რეჟისორის, ალონსო რუისპალასიუსის ახალი ფილმი La Cocina, რომელიც მანჰეტენის ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოში დაწყებული სიყვარულის ამბავზე მოგვითხრობს.
სიყვარულის თემა აირჩია იტალიელმა რეჟისორმა პიერო მესინამაც. მისი ფილმი, “სხვა დასასრული”, რომელიც ფესტივალზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს, ტრაგიკული სიყვარულის ამბავზე გვიყვება.
ბერლინალე- დაარსების დღიდან კინომოყვარულებს მრავალფეროვან საკონკურსო პროგრამას სთავაზობს. წლევანდელ საფესტივალო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება მარგერიტა ვიკარიოს მიერ გადაღებული მუსიკალური კომედია “გლორია”. ფილმი მე-18 საუკუნეში გვამოგზაურებს.
ფესტივალზე სამეცნიერო,ფანტასტიკის ჟანრით იქნება წარმოდგენილი რეჟისორი ბრუნო დიუმონი
საუკეთესოს ყოველწლიურად, სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრები გამოავლენენ. 2024 წლის ბერლინალეს ჟიურის პრეზიდენტი კენიელი მსახიობი ლუპიტა ნიონგო იქნება.
წლევნდელი ბერლინალე გამორჩეული იქნება იმითაც, რომ მარტინ სკორსეზეს ცხოვრებისეული მიღწევებისთვის ოქროს დათვი გადაეცემა.
წლევანდელი ფესტივალის არასაკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 20 ფილმი. ბერლინალეზე მონაწილეობას მიიღებს ფილმები საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ირანიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და მექსიკიდან.
სხვა კინოფორუმებისგან განსხვავებით, ბერლინალე მსოფლიო პრემიერებით გამორჩეულია. სულ აჩვენებენ 400-მდე ფილმს, საკონკურსო სექციაში კი 20 კინოსურათი იქნება წარმოდგენილი. ბერლინალეზე კინოკრიტიკოსებსა და კინომოყვარულებს 15-დან 25 თებერვლის ჩათვლით ელოდებიან.
ავტორი: ნინი ბიჩინაშვილი, მარიამ იობიძე